მკითხველთა უმრავლესობამ, სავარაუდოდ უკვე იცის, რომ მთვარე ასტროლოგიაში დაკავშირებულია ემოციურ აღქმებთან, შინაგან მოთხოვნილებებთან, თვითგადარჩენის ინსტიქტთან და ადაპტაციასთან. მთვარე აღწერს ადამიანის ფსიქოლოგიურ განწყობებს, ეჭვებს, შფოთვის მიზეზებს, შესაბამისად იგი დაკავშირებულია ჩვენს სუბიექტურ, “დამახინჯებულ” აღქმებთან, რადგანაც მზისგან განსხვავებით მთვარე არ არის “სრულყოფილი”. იგი ყოველთვის საჭიროებს დაკმაყოფილებას და უჩნდება მოთხოვნილებები იმ ნიშნის თემებში სადაც იმყოფება ის, (ნიშნის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ მთვარის ასპექტებიც), თუმცა მთვარე ცვალებადი პლანეტაა და მისი დაკმაყოფილებაც ყოველთვის დროებით ხდება. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ მთვარე კავშირშია კვებასთან, როდესაც ადამიანს აქვს შიმშილის განცდა, ის ადგება, შეჭამს საჭმელს და თავს იგრძნობს კმაყოფილად, თუმცა მას ეს განცდა გაყვება დროებით, კვლავ მოშივდება და ეს გაგრძელდება უსასრულოდ, ან გაჩუქეს რაღაც, გაგიხარდა, თუმცა ეს სიხარულიც რამდენიმე წუთში, საათში ან დღეში გაივლის და სხვა რამ გახდება საჭირო იგივე ემოციის აღსაძრავად.
ამგვარად მთვარე “არასრულყოფილია” მისი სიმბოლოთიც და ყოველთვის საჭიროებს შევსებას (დაკმაყოფილებას). დასაწყისში როგორც აღვნიშნეთ მთვარე კავშირშია ჩვენს “დამახინჯებულ” აღქმებთან, ეჭვებთან და შფოთვის მიზეზებთან. აქედან გამოდინარე მთვარე გვიყალიბებს ემოციურ კომპლექსებს და შიშებს იმ ნიშნის თემებში სადაც მოხვდება იგი. ყველა სტიქიის მთვარეს აქვს რაღაც საერთო კომპლექსები, მაგალითად ცეცხლის სტიქიის მთვარეს გამოკვეთილად აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი, მიწის სტიქიის მთვარეს ეშინია მოულოდნელი ცვლილებების. თუმცა, გარდა სტიქიისა ყველა ნიშანს აქვს გამოკვეთილი ნიუანსები რაზეც ამ პოსტში ვისაუბრებთ. მთვარე ცეცხლის სტიქიაში გამოირჩევა სიკაშკაშით, დრამატულობით და დემოსტრაციული რეაქციებით, ცდილობს დაემსგავსოს მზეს, შესაბასად აქტიურად ცდილობს თვითდამკვიდრებას, ორიენტირებულია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად და ყველა ხერხით დაიმკვიდროს ცენტრისებული ადგილი. ამავე მიზეზის გამო, ასეთ ადამიანებს პრეტენზია აქვთ ობიექტურობაზე და თვლიან რომ მათი ხედვები ყოველთვის ჭეშმარიტია. თუმცა ეს კომპლექსები შესაძლებელია ადამიანში ასე მწვავედ სულაც არ გამოვლინდეს, ზოგ შემთხვევაში ძალიან მკვეთრად ჩანს, ზოგჯერ ნაკლებად.
მთვარე ვერძში. ასეთ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს ეჭვები რომ ნაკლებად დაფასებული და მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, ოჯახისთვის და პარტნიორისთვის. აქედან გამომდინარე თავდაჯერებულობისთვის, სჭირდება მუდმივი მხარდაჭერა ხალხის მხრიდან, რათა საკუთარი უპირატესობა დაინახონ. ხშირად ასეთი ადამიანები დემოსტრაციულად, ზედმეტი დაჟინებით და მიწოლით სთავაზობენ დახმარებას სხვებს რათა თავი საჭიროდ იგრნონ. ასევე საზოგადოების წინაშე, კამათში თუ დაუმტკიცეთ რომ არ არის მართალი, დაიტანჯება სანამ არ დაავიწყდება ან არ განდევნის ქვეცნობიერში. ამ ყველაფრის კომპენსაციის მიზნით კი, შესაძლებელია არაადეკვატურად, არაბუნებრივად აქტიური იყოს, დიალოგი გადაიზარდოს მონოლოგის რეჟიმში და ორი წუთითაც ვერ მოითმინოს რომ მისი პერსონით არ იყოთ დაკავებული. ზედმეტ ყურადღებას მოითხოვს ხშირად იმ მიზეზითაც რომ პარტნიორის დაკარგვის ეშინიათ და ყურადრების დეფიციტი თავს არასაჭიროდ აგრძნობინებთ. თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს მზის მდებარეობასაც, ანუ რას აირეკლავს მთვარე, მაგალითვის მზე კირჩხიბს ამ შევთხვევაში უშუალოდ ოჯახისგან სჭირდება ეს მხარდაჭერა, მზე თხის რქას სამსახურში თანამშრომლებისა და უფროსისგან, მზე მერწყულს მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან და ა.შ. მთვარე ლომში. ზოგადი ტენდენციები იგივეა რაც დასაწყისში ითქვა, (არასრულფასოვნების კომპლექსი) თუმცა, კონკრეტულად ლომის მთვარისთვის ეს გამოვლინდება განცდაში და იმის ეჭვში რომ ადამიანი ვერ შეძლებს თავისი შინაგანი სამყაროს სიმდიდრის გამოვლინებას. ადამიანს ეშინია რომ საზოგადოება სწორად ვერ დაინახავს მის ამ მცდელობებს. ასეთი მთვარე ძალიან არტისტულია, მსახიობებისთვის ხშირია ეს მდებარეობა. რადგანაც სხვაზე უკეთ შეუძლიათ მოვლენების დრამატიზირება. მუდმივად მოითხოვენ ყურადღებას და ამას თუ ვერ იღებენ იქცევიან ეპატაჟურად. პრეტენზია აქვთ პირველობაზე, მიუხედავად იმისა შეუძლიათ თუარა ეს. ნეგატიურ გამოვლინებაში ახასიათებთ: მბრძანებლობა, ემოციური თავშეუკავებლობა, გონორი, გადაჭარბებული მიმნდობლობა, ამპარტავნება და განდიდების მანია. მთვარე მშვილდოსანში. ამ შემთხვევაში არასრულფასოვნების კომპლექსი ვლინდება ეჭვებში, თუ რამდენად განათლებული და ავტორიტეტულია ადამიანი. სწორია თუ არა მისი წარმოდგენები და მსოფმხედველობა. პირველი შეხვედრისას, ადამიანი მთვარე მშვილდოსნით ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის დემოსტრაციას, ცოდნით, მაგრამ შინაგანად ყოველთვის აწუხებთ, რომ რაღაც არასაკმარისად იციან. იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანმა თავის დროზე გააცნობიერა ეს გახდება მოტივაცია იმის, რომ უფრო მეტი ისწავლონ, შეიმეცნონ და განვითარდნენ. ნეგატიურ ვარიანტში კი ადამიანი ყოველ დამარცხებას განდევნის ქვეცნობიერში. დამარცხებად კი აღიქვავს, როდესაც სხვა ადამიანი მასზე უკეთ წარმოაჩენს ცოდნას ან “მოუგებს” დისკუსიაში. პიროვნებისთვის ხშირად პირველად კომპლექსები ყალიბდება ბავშვობაში, როდესაც მათთვის ავტორიტეტული პიროვნება (პედაგოგი) ნეგატიურად აფასებს მას ან მის ცოდნას. ისევე როგორც სხვა ცეცხლოვან მთვარეებს, მასაც ძალიან უჭირს დამარცხებების აღიარება საკუთარ თავთან, თუ რუკის სხვა მაჩვენებლები არ უწყობს ხელს, მაგალითაც ამ კონკრეტული მდებარეობის დროს იუპიტერი. ჰაერის სტიქია, ისევე როგორც ცეცხლის მასკულინურია ანუ აქტიური, გამომხატველი და მისი მთავარი პრინციპი არის, გარესამყაროში ინფორმაციის გავრცელება. ასევე ჰაერის სტიქია დაკავშირებულია გადაადგილებასთან და მოძრაობასთან. შესაბამისად ამ მთვარის კომპლექსები კავშირების გაწყვეტის, პროცესების გაჩერების და მომავლის შიშთან არის კავშირში. პლანეტა სატურნი ჰაერის სტიქიაში ძლიერია, ამიტომ ერთი მხრივ ჰაერის მთვარეს აქვს მიდრეკილება ინტეგრაციასა და გაერთიანებისკენ და მეორე მხრივ, განკერძოებისკენ და თავდაცვისკენ. ზუსტად ამ სატურნის გამო, მას შეუძლია ყველაზე სიღრმისეული კომპლექსების ჩამოყალიბება, რომელიც გარედან შესაძლებელია სულაც არ ჩანდეს. მთვარე ტყუპებში ამ მთვარის ყველაზე დიდი კომპლექსი უკავშირდება კავშირების დაკარგვას, რაც ხშირად გამოიხატება ზეაქტიურობაში და უსაფუძვლო კონტაქტების ძიებაში. ასეთი მთვარე თითქოს ედება ყველაფერს და ერევა ყველაფერში, ამით კი ცდილობს გარესამყაროს ნაწილად იგრძნოს თავი, რაც ემოციურ კმაყოფილებას ანიჭებს. მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია მენტალური თემები, იდეები და არა ემოციური მიჯაჭვულობები. ტყუპები არის ცოდნისა და ინფორმაციის ნიშანი, მთვარე კი შიშები და კომპლექსები. აქედან გამომდინარე ტყუპების მთვარესაც აქვს კომპლექსი რომ რაღაც შეიძლება არ იცოდეს, ამიტომაც სულ რაღაცას სწავლობს და ითვისებს. ადამიანსაც ასეთი მთვარით ყველაფერზე აქვს ზოგადი წარმოდგენა. თუმცა, მშვილდოსნის მთვარისგან განსხვავებით, ტყუპების მთვარესთან ეს კომპლექსი ნაკლებად თვალსაჩინოა, რადგან მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიაა და ემოციურია. ნეგატიურ ვარიანტში გამოიხატება როგორც ტყუილები, ინტრიგები, ჭორაობა, (უბრალოდ კავშირის დამყარების მიზნით) მოუსვენრობა, ნერვოზულობა და შფოთვები. მთვარე სასწორში აქ მთვარე ვენერას გავლენის ქვეშ არის, შესაბამისად ამ მთვარის კომპლექსები დაკავშირებულია პარტნიორულ და პირად-საზოგადოებრივ ურთიერთობებთან. ხშირად ეს კი გამოიხატება პარტნიორების დაკარგვისა და მარტო დარჩენის შიშით. ასევე ბალანსის დაკარგვის, უსამართლობის, კონფლიქტური გარემოებების, ერთფეროვნებისა და საზოგადოებისგან მიუღებლობის შიში. პარალელი რომ გავავლოთ ვერძის მთვარესთან, ანუ მის ოპოზიციურ ნიშანთან, ორივეს მხარდაჭერა სჭირდება საზოგადოებისგან, თუმცა ვერძის მთვარეს სჭირდება რომ აღიარონ ისეთი როგორიც არის, ხოლო სასწორს სჭირდება საზოგადოების ნაწილად იგრძნოს თავი და მათ სტანდარტებში ჯდებოდეს. ასეთი ადამიანები ხშირად თვლიან რომ არასაკმარისად ლამაზები არიან, ამიტომაც დიდ ყურადღებას აქცევენ გარეგნობას, იმიჯს. ესთეტიკა, სილამაზე და ჰარმონია ძალიან დიდ როლს იკავებს მათ ცხოვრებაში. მთვარე მერწყულში ამ მთვარეს ყველაზე მეტად ეშინია თავისუფლებისა და დამოუკეკიდებლობის დაკარგვის. შესაბამისად, ხშირად უარყოფენ კონსერვატიულ შეხედულებებსა და ტრადიციებს. მთვარე აქ ურანის გავლენის ქვეშ არის, ამიტომაც გამოკვეთილია მომავლის შიში, პირველ ვარიანტში, რომ მომავალში ცვლილებები არ იქნება, პროცესი გაჩერდება და წარსულს მიეჯაჭვება. მეორე ვარიანტში კი ეს შიში მომავლის არ ცოდნასთან არის დაკავშირებული. ასევე ადამიანს ასეთი მთვარით ეშინია რომ ვერ იპოვნის თანამოაზრეებს, მეგობრებს, პოვნის შემთხვებაში კი ეშინია მათი დაკარგვის. თუმცა, მათთვის ასეთ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია საერთო იდეები, შეხედულებები და არა ემოციური კავშირები. მათ ხშირად ეშინიათ კიდეც სიღრმისეული ემოციური კავშირების დამყარების, რადგან მიჯაჭვულობის შიში აქვთ, ამიტომაც გარბიან ურთიერთობებიდან პირველივე იმპულსის გაჩენისთანავე. მერწყულის მთვარეს აქვს მოთხოვნილება რომ ორიგინალურად და განსხვავებულად დაინახოს საზოგადოებამ. ეს არის ერთგვარი კომპლექსი რომ “არ ვგავდე სხვას” ამიტომაც ხშირად საკმაოდ ექსცენტრიულად, უცნაურად და არასტანდარტუად ავლენენ თავს. მიწის სტიქიის მთვარე სტაბილურობისკენ და სიმყარისკენ არის მიდრეკილი. აქედან გამომდინარე, ცდილობს ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს არსებული ფორმა. შესაბამისად, ასეთ მთვარეს ყველაზე მეტად ეშინია მოულოდნელი ცვლილებების, რასაც ვერ გააკონტროლებს, რადგან სტაბილურობის დაკარგვის ძალიან მწვავედ განიცდის. ასეთი მთვარე დიდხანს ეჯაჭვება ყველაფერს, ორიენტირებულია შენარჩუნებაზე და უჭირს ძველი ჩვევებისგან განთავისუფლება. ხშირად ცდილობენ მათი ემოციური რეაქციებიც გარემოს შესაბამისი იყოს, ამიტომ გარედან გამოიყურებიან მშვიდად, გაწონასწორებულად და სტაბილურად. თუმცა შინაგანად შესაძლებელია სულ სხვა გრძნობები და ემოციები ჰქონდეთ. ემოციურად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ფეთქდებიან თუ ირღვევა არსებული მდგომარეობა, წესრიგი და სტრუქტურა. მთვარე კუროში მთვარე აქ ძლიერია, რადგან თავის ეგზალტაციის ნიშანშია .თუმცა, ამ მთვარესაც აქვს საკმაოდ მკვეთრი და თავისებური კომპლექსები. გარდა იმისა, რომ კურო მიწის სტიქიაა, ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენელია, ამიტომ, მთვარე კუროს არ ახასიათებს კომპლექსების სწრაფად ჩამოყალიბება, მაგრამ თუ მაინც ჩამოყალიბდა, ამისგან ძალიან რთულად თავისუფლდება. მაგალითად, თუ ასეთი ადამიანი ბავშვობაში პუტკუნაა და ამის გამო შენიშვნა მიიღო დედისგან, ახლო გარემოსგან და თუ ერთხელ ჩამოუყალიბდა კომპლექსი, რომ ბევრი არ უნდა ჭამოს , ზრდასრულობის პერიოდშიც შეიძლება აკონტროლოს კვება, – იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამხდარი იქნება. მკვეთრად ჩამოყალიბებულ კომპლექსებსა და ჩვევებს რთულად ცვლიან. არსებული ფორმების ან გარემოებების ნგრევა და შეცვლაც საკმაოდ გვიან ხდება, რაღაც დუღილის წერტილამდე მისვლის შემდეგ, რასაც შესაძლოა წლები დასჭირდეს. შესაბამისად, ამ მთვარის კომპლექსების დიდი ნაწილი ყალიბდება მისი ოპოზოციური ნიშნიდან. ანუ ცვლილების, ნგრევის, დაძაბულობის, სტაბილურობისა და სიმშვიდის დაკარგვის შიში აქვს. მთვარე ქალწულში. ასეთი ადამიანი ყოველთვის ეყრდნობა თავის “ფიზიკურ” მატერიალურ და მენტალურ გამოცდილებას და ცდილობს ყველაფერი ახსნას რაციონალურად. შესაბამისად ეშინია ყველაფრის, რაც გაუგებარია, ქაოსურია, ბურუსით მოცულია და რისი შემეცნებაც ფიზიკურ დონეზე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანები უღრმავდებიან ყველა დეტალსა და წვრილმანს, ცდილობენ ყველაფრის გარკვევას და ხშირად ერთვებიან ისეთ საქმიანობაში, სადაც კვლევაა საჭირო. ზოგადად, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ისეთ საკითხებს, რაც რწმენაზეა დამყარებული. თუმცა, თუ სხვა მაჩვენებლებით ადამიანი დაინტერესდება ეზოთერიკით ან რელიგიით, ყველანაირად შეეცდება, რომ თავის რწმენებსაც რაციონალური ახსნა მოუძებნოს. ადამიანები ასეთი მთვარით მოწესრიგებულები და სისტემურები არიან, ითვალისწინებენ ყველა დეტალს და წვრილმანს, ეძიებიან ყველაფერში და ცდილობენ ყველაფერს რაღაც ახსნა უპოვნონ, რაც ნერვული სისტემის გადაღლას იწვევს, ნეგატიურ ვარიანტში კი ვლინდება, როგორც მოუსვენრობა, შფოთვები და ნევროზულობა. მთვარე თხის რქაში მთვარე თხის რქაში თავს კარგად არ გრძნობს, რადგან თავის განდევნის ნიშანშია მოხვედრილი. თხის რქის მმართველი პლანეტა სატურნია, შესაბამისად, ასეთი ადამიანები ძალიან მარტივად იყალიბებენ კომპლექსებს, რაც საკმაოდ დიდხანს მიყვებათ. თითქოს, ემოცია ჯერ აღქმულიც არ არის, რომ უკვე კომპლექსი ყალიბდება. მაგალითად, ადამიანი ასეთი მთვარით, მცირე შენიშვნაზეც კი ემოციურად რეაგირებს, განსაკუთრებით, თუ ეს პასუხისმგებლობებთანაა დაკავშირებული. ასევე, ასეთ მთვარეს ბევრი შიში აქვს, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობასთან, რადგან ვერ აღიქვამენ თავიანთი ბიოლოგიური სხეულის მოთხოვნილებებს. სწორად ამ მიზეზით, ხშირად ვერ გრძნობენ, როდის სჭირდებათ დასვენება, რელაქსაცია, ძილი, ჭამა…. ასევე, ასეთ მთვარეს აქვს ემოციების გამოხატვის კომპლექსი, რადგან თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში სხვების თვალში სუსტად აღიქმებიან, რის გამოც ემოციებს ქვეცნობიერში განდევნიან. ზედმეტი ემოციური თავშეკავება და შინაგანი დაძაბულობა ხშირად მიზეზი ხდება ჯანმრთელობის პრობლემების, ან თუ გამოხატავენ ემოციებს, ამას საკმაოდ არაბუნებრივად და არაადეკვატურად აკეთებენ. მათი ყველაზე დიდი შიში დაკავშირებულია მომავლისა და ცვლილებების შიშთან და გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს არ უნდა ძველი სტრუქტურისა და ფორმების ნგრევა. მათთვის კარგია ჯანსაღი კვება, ყოველდღიური რეჟიმი, იოგა და მედიტაცია. მთვარე წყლის სტიქიაში თავს კარგად გრძნობს, რადგანაც ყველა თავის თვისებას, როგორიცაა: ზრუნვა, თავდაცვა, ბიოლოგიური თვითგადარჩენა და ადაპტაცია ადეკვატურად ავლენს. აქ სუსტია სატურნი, რომელიც ორიენტორებულია წარმოქმნილ ემოციას მაშინვე ფორმა მისცეს, იმის ნაცვლად, რომ განიცადოს და აღიქვას. შესაბამისად წყლის სტიქიის მთვარეებში კომპლექსები ნაკლებად ყალიბდება და ემოცია სტრუქტურულ სახეს არ იღებს (მორიელის გარდა). წყლის სტიქიაში იუპიტერიც თავს ძლიერად ავლენს, შესაბამისად კომპენსატორული ფუნქცია მაღალია. თუმცა, წყლის სტიქიის მთვარეებსაც გარკვეული სახის კომპლექსები აქვს, რაც უსაფრთხოების დაკარგვის, სოციალური წარუმატებლობისა და არაპრაქტიკულობის შიშით გამოიხატება.
მთვარე კირჩხიბში თავის მართვის ნიშანშია, შესაბამისად ძლიერია, მოქნილია და კომპლექსებსაც ნაკლებად იყალიბებს. თუმცა ამ მთვარის ყველაზე დიდი შიში შეუმდგარობის შიშია. რომ თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და კარიერულად თავს ვერ დაიმკვიდრებს. ასეთი მთვარისთვის, ნეგატიური კომპლექსების ჩამოყალიბება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან მომენტალური რეაქცია და აღქმა ხდება, კომპლექსი ჩამოყალიბებას ვერ ასწრებს და ფორმას არ იღებს. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც მთვარე დაზიანებულია რუკაში ჩაკეტილობას, ეჭვიანობას, შფოთვებსა და სხვადასხვა სახის შიშს შეიძლება წავაწყდეთ. მთვარე მორიელში მთვარისთვის ეს ერთ-ერთი რთული მდებარობაა, რადგან თავის დაცემის ნიშანშია მოხვედრილი. რადგან მთვარე წყლის სტიქიაშია, ემოციების აღქმა მაშინვე ხდება, თუმცა მარსის მმართველობისა და ფიქსირებული ჯვრის გამო, ეს ემოციები ძალიან ინტენსიური და მუდმივია. მაგალითად ადამიანს ასეთი მთვარით, ბავშვობაში თუ ძაღლი შეაშინებს, შემდგომ შესაძლოა მთელი ცხოვრება ძაღლების შიში გამოყვეს, იმდენად დიდხანს დარჩეს მასში ეს ნეგატიური ემოცია. ასევეა ხშირად წყენების და ნებისმიერი სახის ემოციური განცდის შემთხვევაშიც. ასეთ მთვარეებს ძალაუფლების კომპლექსი აქვთ და მათი მთავარი მოთხოვნილება ყველაფრის გაკონტროლებაა, რის გამოც რელაქსაციისა და უსაფრთხოების განცდა არ გააჩნიათ, ამიტომაც ბევრი შიში, ეჭვი და ფობია აწუხებთ. იმისათვის რომ ასეთ მთვარეს ეს ზედმეტი დაძაბულობა მოეხსნას, კოლექტიურ პროცესებში და ისეთ საკითხებში უნდა ჩაერთოს, სადაც დიდი ენერგიის დახარჯვაა საჭირო, ხშირად რეკომენდებულია ვარჯიშიც, დაძაბულობის მოსახსნელად თუ სხვა მაჩვენებლებიც ხელს გვიწყობს. კიდევ ერთი და მთავარი კომპლექსია ის, რომ ადამიანი ასეთი მთვარით მყარ და სტაბილურ მატერიალურ საფუძველს ვერ ქმნის. ამის გამო, კი შესაძლებელია ფულზე და მატერიალურ ფასეულობებზე გადაჭარბებულად იყვნენ ჩაციკლულები. უკიდურესად ნეგატიურ ვარიანტში, ასეთი ადამიანი თუ მძაფრი ემოციების განცდის მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, სტერსულ და დესტრუქციულ გარემოს ხელოვნურად ქმნის, რის გამოც ხშირად თვითგვემა აქვს და საკუთარ თავს შიგნიდან ჭამს. მთვარე თევზებში კომპლექსების ჩამოყალიბების კუთხით ყველაზე უპრობლემო მთვარეა, რადგან წყლის სტიქიას პლიუს მუტაბელური ჯვარია და ნეპტუნის მართვის ქვეშაა. რის გამოც უფრო მეტად მოქნილია და ფაქტობრივად კომპლექსებს არ იკავებს. მიუხედავად ამისა, ამ მთვარესაც თავისი კომპლექსები გააჩნია, რაც სოციალური ვალდებულებების შიშში გამოიხატება. რადგან დაკარგულობის განცდა მუდმივად თან ზდევთ, ჰგონიათ რომ არასწორ ადგილას არიან და ფიქრობენ, რომ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს ვერ გაართმევენ, რის გამოც, შეიძლება სამუშაო გარემოს ხშირად იცვლიდნენ კიდეც. ან შეიძლება ადამიანი ხვდებოდეს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ შინაგანად გრძნობდეს, რომ არასწორ ადგილასაა, რაც შესაძლებელია სულაც ილუზია იყოს.