პირველი სახლის მმართველი სახლებში

პირველი სახლის მმარველია პლანეტა რომელიც ასცენდენტის ნიშანს მართავს. მაგალითად ასცენდეტი არის თხის რქაში – პირველი სახლის მმართველი გამოვა სატურნი. მნიშვნელოვანია, რომლ სახლში დგას პირველი სახლის მმართველი პლანეტა, რადგანაც, ადამიანი იმ სახლის სფეროებში იქნება აქტიური და იქ გამოავლენს თავს სადაც მოხვდება ასცენდენტის მმართველი.

პირველი სახლის მმართველი, პირველ სახლში:
როდესაც კონკრეტული სახლის მმართველი იმავე სახლში ხვდება ეს იმ სახლის თემების მკვეთრ გამოკვეთაზე მეტყველებს, (პირველი სახლის მმართველი პირცელში – მაგალითად, ასცენდენტი ქალწულში და მერკური პირველ სახლში). ასეთი ადამიანები აქტიურად ავლენენ და დემოსტირირებენ თავის ,,მესა” და პიროვნულ შესაძლებლობებს, გამოირჩევიან კარგი თვითგამოხატვის უნარებით, ლიდერული თვისებებით, დამოუკიდებლობით, ენერგიულობით, სიციცხლისუნარიანობით, სითამამითა და თავდაჯერებულობით, განსაკუთრებით პირველი სახლის მმართველი პლანეტის თემებით. ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლოა იყოს გადაჭარბებული ორიენტაცია საკუთარ თავზე, ეგოიზმი, ადამიანს შესაძლოა უჭირდეს სხვისი გათვალისწინება და კომპრომისებზე წასვლა.

პირველი სახლის მმართველი მე-2 სახლში:
ასეთ ადამიანები დიდ ყურადღებას იჩენენ მატერიალური ფასეულობების მიმართ, აფასებენ თავიანთ ენერგიას და ყოველთვის ცდილობენ დახარჯული ენერგიით ფინანსური სარგებელი მიიღონ. გამოირჩევიან კარგი თვითშეფასებითა და მრავალმხრივი ნიჭით, ასეთი პოზიცია ხშირია მოდელებში, მსახიობებში და ისეთ ადამიანებში, რომლებსაც თავისი ფიზიკური გარეგნობიდან გამომდინარე აქვთ შემოსავლები, ასევე ხელოვან და მუსიკოს ადამიანებში. აქ უკვე მნიშვნელოვანია, რომელი პლანეტა იქნება პირველი სახლის მმართველი. ხშირად აქვთ რეალიზაცია ისეთ სფეროებში, სადაც ფინანსურ თემებთან უწევთ მუშაობა. მაგალითად: ბანკი, ბუღალტერია, ბიზნესი… ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია გადაჭარბებული მიჯაჭვულობა ფულზე და მატერიალურ ფასეულობებზე, დამგროვებლობა, სიძუნწე, ცუდი თვითშეფასება.

პირველი სახლის მმართველი მე-3 სახლში:
გამოირჩევიან ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, საკუთარი თავის წარმოჩენასაც თავისი ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით ახერხებენ. ხშირად რეალიზდებიან მენტალურ სფეროებში. კარგი პოზიციაა მწერლისთვის, მასწავლებლისთვის, ჟურნალისტისთვის და ისეთი ადამიანებისთვის ვისაც კომუნიკაცია და ინფორმაციულ/ანალიტიკურ საკითხებთან მუშაობა უწევს. ხშირად მუშაობენ ტრანსპორტთან და ისეთ საკითხებთან, რაც გადაადგილებასთან არის დაკავშირებული. ასეთი ადამიანები აქტიურად არიან ჩართულნი ახლო გარემოსთან ურთიერთობაში და ინტერესდებიან საყოფაცხოვრებო საკითხებით, შესაძლებელია, ხშირი შეხება ჰქონდეთ, ან მუშაობდნენ კიდეც და-ძმებთან და ნათესავებთან ერთად. ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია, ადამიანს ახასიათებდეს ლაყბობა, ჭორების გავრცელებისკენ მიდრეკილება, მეწვრილმანეობა.

პირველი სახლის მმართველი მე-4 სახლში:
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ოჯახის, ტრადიციებისა და სამშობლოს დიდი სიყვარულით. დიდ ენერგიას ხარჯავენ ახლობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, მჭიდრო კავშირს გრძნობენ მშობლებთან, შვილებთან და სახლთან. მათთვის აუცილებელია ჰქონდეთ ისეთი ადგილი, სადაც თავს დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ. ხშირად ინტერესს იჩენენ საოჯახო საქმეების მიმართ, ხშირად კავდებიან ოჯახური ბიზნესით ან უძრავი ქონებით, ასევე აინტერესებთ ყველაფერი, რაც ძველია და წარსულთანაა დაკავშირებული. მოსწონთ ისტორია, არქეოლოგია, შეისწავლიან გენეტიკას, თავიანთ წარმომავლობას, მოსწონთ დაფარულ საქმეებთან მუშაობა და ხშირად რეალიზდებიან კიდეც მსგავს სფეროებში, როგორიცა ფსიქოლოგია და ეზოთერიკა. ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია იყოს გადაჭარბებული მიჯაჭვულობა ოჯახსა და სახლზე, ჩაკეტილობა, რთული ურთიერთობა მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან.

პირველი სახლის მმართველი მე-5 სახლში:
შემოქმედებითი ბუნების ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან არტისტულობით. კარგად გამოსდით საკუთარი თავის პრეზენტაცია და შესანიშნავად დემოსტრირებენ თავიანთ პიროვნულ შესაძლებლობებს. ეს პოზიციაა ხშირია მსახიობებისთვის, ხელოვანებისთვის და ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც სცენაზე დგანან. უყვართ გართობა და სიამოვნებების მიღება, მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულს და სასიყვარულო ურთოერთობებშიც აქტიურობით გამოირჩევიან. დიდ ენერგიას ხრჯავენ ბავშვებზე, შვილები მათთვის ცხოვრების მთავარი თემაა. ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია იყოს ეგოიზმი, ჩაციკვლა სასიყვარულო ურთიერთობებზე, აზარტულობა, მფლანგველობა, გაფუჭებული ურთიერთობები შვილებთან.

პირველი სახლის მმართველი მე-6 სახლში:
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, წესრიგის სიყვარულითა და სისტემურობით. ყოველთვის ცდილობენ, დაკისრებული მოვალეობები სრულყოფოლად შეასრულონ, არ ეზარებათ რუტინა. სამსახური და საქმე მათთვის მნიშვნელოვანია. აქვთ კარგი ორგანიზატორული უნარები, კარგად აღიქვამენ დეტალებს და შეუძლიათ წვრილმანებთან მუშაობა. ხშირად გაწერილი აქვთ დღის რაციონი, ცხოვრობენ ჯანსაღად და დიდ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას. ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია იყოს გაფუჭებული ურთოერთობები სამსახურში, დაქვემდებარებისკენ გადაჭარბებული მიდრეკილება, მოვალეობების გაზვიადებული აღქმა, ცუდი ჯანმრთელობა და ხშირი შეხება საავადმყოფოსთან.

პირველი სახლის მმართველი მე-7 სახლში:
ასეთ ადამიანებს ურთიერთობების, განსაკუთრებით პარტნიორული სახის ურთიერთობების მუდმი მოთხოვნილება აქვთ. ხშირად საჭიროებენ სხვა ადამიანების მხარდაჭერას, საკუთარ თავსაც თითქოს სხვისი თვალით აღიქვამენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებენ პარტნიორის, ახლობლებისა და საზოგადოების აზრებს. თუმცა სანამ საბოლოო დასკვნას გავაკეთებთ, უნდა ვნახოთ რომელი პლანეტაა პირველი სახლის მმართველი, თუ მამაკაცური ხასიათის პლანეტაა ასცენტდენტის მმართველი, შესაძლებელია ადამიანი ურთიერთობებში წამყვანი და ლიდერიც იყოს. ასეთი ადამიანების თვითგამოვლინებისათვის აუცილებელია საზოგადოებრივი აქტიურობა, ამიტომაც ხშირად მუშაობენ ხალხთან, კონსულტირების სფეროებში, ან ისეთ საქმეში არიან, სადაც ბევრი კონტაქტი აქვთ. ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლებელია იყოს: მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება პარტნიორებზე, ნაადრევი ქორწინება, გადაჭარბებული კომპრომისულობა, სხვისი აზრებისა და პრიორიტეტების გათვალისწინება, კონფლიქტები საზოგადოებასთან და პარტნიორებთან, ბევრი ღია მტერი, დაპირისპირებები და სასამართლო დავები.

პირველი სახლის მმართველი მე-8 სახლში:
გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით, მაგნეტიზმითა და სხვა ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენის უნარით. გამძაფრებული აქვთ შეგრძნებები, ინტუიციური და მისტიკური ადამიანები არიან. ხშირად ინტერესდებიან დაფარული საკითხებით, რასაც ჩაღრმავება და კვლევა სჭირდება. ეს პოზიცია ხშირია გამომძიებლებში, მაგებში და ეზოთერიკოსებში. არც თუ ისე იშვიათად ხვდებიან კრიზისულ და მძიმე სიტუაცებში, თუმცა, ყოველჯერზე ახერხებენ გამოსავალის პოვნას, კრიზისების გადალახვის შემდეგ კი პიროვნულად იცვლებიან. ასევე ინტერესდებიან ისეთი საკითხებით, რაც ასოცირდება კრიზისებთან, დიდ რესურსებთან და ფულთან. ეს მდებარეობა ხშირად აქვს ბანკირებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს, სამხედრო პირებსა და ექიმებს. ნეგატიურ ვარიანტში, ადამიანი შესაძლებელია იყოს ექსტრემალი და კრიზისული სიტუაციებისკენ მიდრეკილი, ჰქონდეს ბევრი ფიზიკური დაზიანება, იარები და ოპერაციები. ასევე, შესაძლოა, იყოს ჩაკეტილი, დეპრესიული და მძიმე ხასიათის მქონე. სანამ ზუსტ დასკვნას გავაკეთებ, უნდა ვნახოთ მთლიანი კოსმოგრამის ენერგია და გავითვალისწინოთ, რომელი პლანეტაა პირველი სახლის მმართველი, რომელ ნიშანშია და როგორ ასპექტაციაშია. პირველი სახლის დაზიანებულმა მმართველმა მე-8 სახლში შესაძლებელია სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებიც მოგვცეს. ასევე მძიმე ინფექციური დაავადებებისკენ მიდრეკილება და ცუდი ჯანმრთელობა.

პირველი სახლის მმართველი მე-9 სახლში:
ადამიანები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ და ვითარდებიან, აკადემიური განათლება ხშირად მათი ცხოვრების მთავარი მიზანიცაა. აინტერესებთ ფილოსოფიური საკითხები, ეზოთერიკა, რელიგია და უცხო კულტურებთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული პოზიცია ხშირად აქვთ მასწავლებლებს, ლექტორებს, უცხო ენის სპეციალისტებს, ფილოსოფოსებს, მოგზაურებს, რელიგიურ პირებს და ისეთ ადამიანებს, რომელთაც რაღაც არაოფიციალური ავტორიტეტი და გავლენა აქვთ სოციუმში. უფრო მეტი სიზუსტისთვის უნდა გავითვალისწინოთ რომელი პლანეტაა პირველი სახლის მმართველი და რა ნიშანშია, თუ მაგალითად მერკური იქნება მე-9 სახლში, უფრო სწავლა-განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამოიკვეთება. თუ ნეპტუნია- ეზოთერული ცოდნა, რელიგია, თუ მარსი – სპორტი, პოლიტიკა და აშ. ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლებელია ადამიანი იყოს დემაგოგი, მოხეტიალე, სნობი და იდეური ფანატიკოსი.

პირველი სახლის მმართველი მე-10 სახლში:
გამოირჩევიან სოციალური აქტიურობით, დამოუკიდებლობითა და მიზანსწრაფულობით. მარტივად შესამჩნევი ადამიანები არიან და ყოველთვის იქცევენ სოციუმის ყურადღებას. ხშირად ინტერესდებიან მასშტაბური და სახელმწიფოებრივი საკითხებით. მნიშვნელოვანია კარიერა და სოციალური სტატუსი. დიდ ენერგიას ხარჯავენ პროფესიულ რეალიზაციაში და ყველაფერს აკეთებენ თავიანთი მიზნების მიღწევისათვის. აქვთ კარგი ხელმძღვანელური უნარები, სამსახურეობრივ თემებში ხშირად მმართველები და ლიდერები არიან. ხშირად, ასეთ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს ერთ-ერთი მშობელი, რომელიც სოციალურ მიმართულებას აძლევს და ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებაში ეხმარება რაც შემდგ ძლიერად აისახება მათ პიროვნულ თვითრეალიზაციაზე. ასეთი პოზიცია ხშირად აქვთ თანამდებობის პირებს, ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომელი პლანეტაა პირველი სახლის მმართველი და რა ნიშანშია, რადგან ზუსტად ამ პლანეტის თემით შესაძლებელია იყოს ადამიანი პროფესიულად დაკავებული. ნეგატიურ ვარიანტში შესაძლებელია იყოს გადაჭარბული ამბიციები, კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან და ჩაციკვლა ავტორიტეტისა და გავლენის მოპოვებაზე.

პირველი სახლის მმართველი მე-11 სახლში:
ასეთი ადამიანები გამოირჩევიან დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვით და თავისუფლების სიყვარულით. აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ ურთიერთობებში, ხშირად არიან რაღაც დაჯგუფების წევრები, სადაც საერთო იდეისთვის ერთიანდებიან. უყვართ ხალხმრავლობა, ჰყავთ ბევრი მეგობარი და თანამოაზრე. ხშირად რეალიზდებიან არასტანდარტულ პროფესიებში. ეს პოზიცია ხშირია საზოგადოებრივ აქტივისტებში, უფლებათა დამცველებში, ინფლუენსერებში, მეცნიერებსა და ასტროლოგებში. დადებით ვარიანტში, თუ მე-11ს მმართველი კეთილი პლანეტაა და კარგ ასპექტაციაშია, ადამიანს ბევრი გამართლება აქვს ცხოვრებაში, უყვარს საზოგადოებას და ჰყავს ბევრი მეგობარი, რომლებიც თვითრეალიზაციაში .ეხმარებიან ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლებელია იყოს პრობლემები საზოგადოებასთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.

პირველი სახლის მმართველი მე-12 სახლში:
ცხოვრების პირველ ნახევარში მაინც, ასეთი ადამიანები ჩაკეტილები არიან და უჭირთ თვითრეალიზაცია, მით უმეტეს თუ მე-12 სახლის თემებით არ არიან დაკავებულები. მიდრეკილება აქვთ იზოლაციისკენ, უყვართ მარტოობა, ძირითადად, კულისებს მიღმა არიან. ხშირად ფლობენ ოკულტურ უნარებს და აქტიურადაც ინტერესდებიან ეზოთერიკით და დაფარული საქმიანობებით. გაძლიერებული აქვთ აღქმები, გამოირჩევიან კარგი ინტუიციით, ხშირად აქვთ წინასწარმეტყველური სიზმრები. თუ სხვა მაჩვენებლებიც ხელს გვიწყობს, არც თუ ისე იშვიათად რეალიზდებიან შემოქმედებით პროფესიებში. ეს პოზიცია ხშირად აქვთ მუსიკოსებს, მხატვრებს, ქველმოქმედ ადამიანებს, ეზოთერიკოსებს, რელიგიურ პირებსა და დაფარულ ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანებს. ეს პოზიციცია ხშირია ემიგრაციის დროსაც. ნეგატიურ ვარიანტში, შეიძლება იყოს ჩაკეტილობა, დაკარგულობის განცდა, რეალობისგან მოწყვეტა, ფსიქოლოგიური პრობლემები, ტყუილებისკენ და ინტრიგებისკენ მიდრეკილება, ბევრი ფარული მტერი, ცუდი ჯანმრთელობა, ინფექციური დაავადებები, ციხეში ან საავადმყოფოებში მოხვედრის ალბათობა.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ