5 ტიბეტელის ვარჯიშების შესახებ პირველად ორი წლის წინ შევიტყვე. იმ პერიოდში ვცდიდი სხვადასხვა ენერგეტიკულ თუ სამედიტაციო სავარჯიშოს, მაგრამ ჯერ ვერ მიმეგნო იმ სისტემისთვის, რომელსაც სტაბილურად გავყვებოდი. 5 ტიბეტელის ვარჯიშთან ერთად დავიწყე ამ სისტემის თეორიული ნაწილის გაცნობა, კერძოდ, წავიკითხე პიტერ კელდერის წიგნი “The eye of revelation”, რომელიც პირველად 1939 წელს დაიბეჭდა. მოკლედ გაგაცნობთ წიგნის შინაარსს: ავტორმა შემთხვევით გაიცნო ბრიტანეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკ გარი ბრედფორდი. ბრედფორდს თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მსოფლიოს არაერთი კუთხე ჰქონდა მოვლილი. ერთხელაც, პოლოვნიკმა კელდერს გაანდო თავისი საიდუმლო. ინდოეთში სამსახურისას მის ყურამდე მიუღწევია ხმებს ე.წ. “ახალგაზრდობის წყაროს” შესახებ, რომლის საიდუმლოსაც ტიბეტურ მონასტერში მცხოვრები ლამები ფლობდნენ. პოლკოვნიკი აენთო იდეით მიეგნო ამ მონასტრისთვის და გაეგო ეს საიდუმლო. მან თავის ახალ მეგობარს შესთავაზა ერთად გამგზავრებულიყვნენ. კელდერი დაფიქრდა, თუმცა ჭკუაში არ დაუჯდა და საბოლოდ უარი უთხრა. პოლკოვნიკი მარტო გაემგზავრა. 4 წლის განმავლობაში კელდერმა მისგან ორი წერილი მიიღო, ერთში იწერებოდა, რომ ახლოს იყო თავის მიზანთან და მეორეში კი ატყობინებდა, რომ იპოვნა რასაც ეძებდა და არა მხოლოდ იპოვნა თან მოჰქონდა! “…როდესაც კელდერი ბრედფორდს ისევ შეხვდა, ვერ იცნო, ეგონა, რომ ის პოლკოვნიკის შვილი იყო, რადგან მის წინ იდგა არა 70 წელს გადაცილებული მოხუცი, არამედ 40 წლის ჯან-ღონით სავსე კაცი… შემდეგ პოლკოვნიკი მეგობარს უამბობს, თუ როგორ მიაგნო ტიბეტელების მონასტერს და რა ასწავლეს ტიბეტელმა ლამებმა. ამას მოჰყვება სავარჯიშოების თეორიული და პრაქტიკული აღწერა, მისი ეფექტი და შედეგები. შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს ამბავი მხოლოდ ლეგენდაა, მკითხველის მისაზიდად მოგონილი ზღაპარი, ან მარკეტინგული ხრიკი, რომ შეუძლებელია ადამიანი ასე გაახალგაზრდავდეს მარტივი სავარჯიშოების კომპლექსის დახმარებით, მაგრამ თუ იგივე ეფექტს ვერ მიიღებთ, იმას მაინც მიაღწევთ, რომ თავი იგრძნოთ მხნედ და ენერგიულად, მოიწესრიგოთ ფსიქიკური მდგომარეობა, განიკურნოთ წელის, ხერხემლის და სახსრების ტკივილებისგან, გაგიქრეთ უძილობა, გაიუმჯობესოთ მეხსიერება და მხედველობა, მოიშოროთ ზედმეტი წონა.
და მაინც, რაშია ამ ვარჯიშების საოცარი ეფექტის საიდუმლო? – 5 ტიბეტელი არ არის უბრალო ფიზიკური ვარჯიშების კომპლექსი. ადამიანის სხეულში არსებობს 19 ენერგეტიკული ცენტრი, რომელთაგან 7 მთავარია, დანარჩენი 12 კი – მეორეხარისხოვანი (სხვაგვარად მათ “ჩაკრებს” უწოდებენ). ეს ცენტრები წარმოადგენენ თვალისთვის უხილავ, მაგრამ რეალურად არსებულ, ძლიერ მბრუნავ ენერგეტიკულ ველებს. ჯანმრთელ ადამიანს ისინი აკრავს მჭიდროდ, რომელიც სცდება ორგანიზმს და მოგვაგონებს კვერცხის ფორმას. დაავადებულ, სუსტ ან ხანშიშესულ ადამიანს ამ ენერგიის ბრუნვა შენელებული აქვს, ის კონცენტრირებულია მხოლოდ ენერგეტიკულ ცენტრებთან და არ სცდება სხეულს.
რა ცვლილებები ხდება სხეულში ასაკის მატებასთან ერთად და რა განაპირობებს ადამიანის დაბერებას? – ამ დროს ენერგეტიკული ველების მოძრაობა ძლიერ ნელდება და ყველა ცენტრი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს. არცერთი მათგანი მეორესთან მიმართებაში ჰარმონიულად აღარ ფუნქციონირებს. ის ცენტრი, რომელიც ყველაზე ნელა ტრიალებს, იწვევს ორგანიზმის იმ ფუნქციების მოშლას და გაუარესებას, რომელზეც აგებს პასუხს, რაც საბოლოოდ ვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით. ამგვარად, ერთადერთი განსხვავება ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის არის სწორედ ენერგეტიკული ველების ტრიალის სიხშირე. თუკი მოხდება ამ სხვადასხვა სიჩქარის დაბალანსება, მოხუც ადამიანს ისევე ახალგაზრდის ენერგიულობა და მოქნილობა დაუბრუნდება, ახალგაზრდას კი ჯანმრთელი და ხარისხიანი ცხოვრება ელოდება.
ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომ ორგანიზმში აღდგეს ნორმალური ენერგეტიკული ბალანსი არის ხუთი სავარჯიშოს შესრულება, რომელსაც ავტორი ტიბეტელი ლამების რიტუალურ მოქმედებას ეძახის. საჭიროა ყოველივე ზემოთთქმული კარგად გაითავისოთ და გაიაზროთ, რადგან ამ ვარჯიშების არსის ცოდნა დაგეხმარებათ მოტივივაციის გაზრდაში, დროთა განმავლობაში კი პრაქტიკით მიღებული ეფექტი მას ასჯერ გააძლიერებს!
თითოეული ვარჯიშის შესრულება უნდა მოხდეს ყოველდღიურად 21-ჯერ. მაგრამ უნდა დავიწყოთ არა უმეტეს 5 განმეორებით და თანდათანობით დავამატოთ 2 განმეორება ყოველ კვირას. ანუ, დამწყებთათვის ეს ვარჯიშები უნდა შესრულდეს შემდეგი ინტენსივობით:
• 1 კვირა – 5-ჯერ;
• 2 კვირა – 7-ჯერ;
• 3 კვირა – 9-ჯერ;
• 4 კვირა – 11-ჯერ;
• 5 კვირა – 13-ჯერ;
• 6 კვირა – 15-ჯერ;
• 7 კვირა – 17-ჯერ;
• 8 კვირა – 19-ჯერ;
• ამის შემდეგ 21-ჯერ.
ამრიგად, 2 თვის შემდეგ შეგეძლებათ ეს ვარჯიშები 21-ჯერ შეასრულოთ. სავარჯიშოდ აარჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო (სასურველია დილით, მზის ამოსვლისას ან საღამოსკენ). ძალიან მალე თქვენ იგრძნობთ ძალების მოზღვავებას. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თუკი ერთხელ დაიწყებთ ტიბეტელების შესრულებას აღარ უნდა შეწყვიტოთ, შეიძლება კვირაში მხოლოდ ერთი დღის გამოტოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ის ეფექტი უკვე აღარ ექნება. შეიძლება ეს ერთი შეხედვით შეუძლებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი ამ კომპლექსის შესრულებას 10-15 წუთი ესაჭიროება და მიხვდებით, რომ ეს ვარჯიშები შეიძლება თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობაში ჩართოთ ისე, როგორც მაგალითად, ჰიგიენური პროცედურები – ხელ-პირის დაბანა, ან კბილების გამოხეხვა.
ტიბეტელი #1
პირველი ვარჯიშის საშუალებით ჩვენ “ვრთავთ”, მოქმედებაში მოგვყავს ენერგეტიკული ცენტრები.
საწყისი მდგომარეობა – დადექით სწორად, მხრების დონეზე ჰორიზონტალურად გაშლილი ხელებით. ხელების თითები შეაერთეთ, ხელის გულები მიტრიალებულია იატაკისკენ. დაიწყეთ ტრიალი საათის მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ 21-ჯერ. 5 ტიბეტელში ეს ყველაზე ძლიერი სავარჯიშოა. აღსანიშნავია, რომ ამ მედიტაციურ ტექნიკას იყენებენ სუფიზმის მიმდევრები და მისი საშუალებით აღწევენ ცნობიერების განსხვავებულ მდგომარეობას. პირველ ხანებში შესაძლებელია, რომ ტრიალის დროს გულისრევა და თავბრუსხვევა იგრძნოთ, თუმცა, თანდათანობით შეეჩვევით და მას მარტივად შეასრულებთ. იმისთვის, რომ თავბრუსხვევა შეამციროთ, შეგიძლიათ ამ ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე წამით დახუჭოთ თვალები.
ტიბეტელი #2
მეორე ტიბეტელის ვარჯიში ზრდის ენერგეტიკული ველების ტრიალის სიჩქარეს, რაც პირველმა ვარჯიშმა ჩართო.
საწყისი მდგომარეობა – დაწექით ზურგზე. ხელები გაშალეთ წელის გასწვრივ, ხელის გულები შეერთებული თითებით იატაკზე დადეთ. ჩაისუნთქეთ ღრმად და ამოსუნთქვაზე წამოწიეთ თავი ისე, რომ ნიკაპით შეეხოთ მკერდს, პარალელურად აწიეთ ფეხები ვერტიკალურად, ისე რომ მენჯის მიდამოები იატაკიდან არ წამოსწიოთ. ამოსუნთქვაზე – თავი და ფეხები საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ. ეცადეთ აწევისას ფეხები გაჭიმული გქონდეთ და მუხრებში არ მოიხაროს.
ტიბეტელი #3
საწყისი მდგომარეობა – დადექით მუხლებზე, ფეხის თითებით ეხებით იატაკს, ხელის გულები დაიდეთ უკან, თეძოებზე. ამოისუნთქეთ ღრმად და ამავდროულად თავი წინ დახარეთ ისე, რომ ნიკაპით მკერდს შეეხოთ, ხოლო ჩასუნთქვაზე გადაიხარეთ უკან და თავიც უკან გადაწიეთ. თეძოზე დადებული ხელებით წონასწორობას ინარჩუნებთ, რომ ტანმა არ გადაგძლიოთ და არ დაეცეთ. ამოსუნთქვაზე დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და თავი მკერდს მიადეთ.
ტიბეტელი #4
დაჯექით იატაკზე, ფეხები მხრების სიგანზე წინ გაშალეთ, ხელის გულები დაიდეთ თეძოების გასწვრივ და დაეყრდენით იატაკს. თითები უნდა გქონდეთ შეკრული და მიმართული ფეხებისკენ. ზურგი – გასწორებული. თავი დახარეთ და მიადეთ მკერდს, ჩასუნთქვაზე – თავი გადასწიეთ უკან, ფეხზე წამოიწიეთ და მიიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა. გარკვეულწილად მაგიდის ფორმას იღებთ. დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა. ამოსუნქთვაზე – დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას და თავით შეეხეთ მკერდს.
ტიბეტელი #5
ამ სავარჯიშოსთვის წვებით მუცელზე. ფეხები გაშლილია, იატაკს მუხლებით არ ეხებით. გასწორებული ხელებით და ფეხის წვერებით დაეყრდენით იატაკს. ხელები და ფეხები მხრების სიგანეზე ოდნავ მეტად გაშლილი. ჩაისუნთქეთ და ტანი ასწიეთ ისე, რომ ერთი შეხედვით სწორი სამკუთხედის ფორმა მიიღოთ. ხელები და ფეხები არ მოხაროთ. სამკუთხედის გაკეთებისას ნიკაპი მკერდთან მიიტანეთ, ეცადეთ, რომ ქუსლები მიწაზე დადგათ. დააფიქსირეთ ეს მდგომარეობა რამდენიმე წამის განმავლობაში და ამოსუნთქვასთან ერთად დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
ხშირად, 5 ტიბეტელის პრაქტიკას სულ რაღაც ერთ თვეში მოაქვს საგრძნობი მენტალური და ფიზიკური ცვლილებები. ეს მოგცემთ რწმენას და ენთუზიაზმს, რომ ვარჯიში გააგრძელოთ. როგორც წესი, საოცარ შედეგებს კი ათი კვირის პრაქტიკის შემდეგ დაინახავთ.
მირიან ბეგიაშვილი