სიმდიდრის მაჩვენებლები ნატალურ რუკაში

ასტროლოგიაში ადამიანის ენერგეტიკულ პოტენციალზე, ნიჭებსა და ფინანსურ შემოსავლებზე პასუხისმგებელია მე-2 სახლი. თუმცა, მეორე სახლი პირდაპირ არ არის დაკავშირებული დიდ ფულთან. იგი აღწერს ჯიბის ფულს, რომლის ტარებაც შეგვიძლია და რომელსაც ყოველდღიურად ვხარჯავთ. ხოლო დიდ ფულთან, რომელსაც ბანკში ვინახავთ, სხვის რესურსებთან და პარტნიორის შემოსავლებთან დაკავშირებულია მე-8 სახლი. მე-2 და მე-8ს ღერძს ფინანსური ღერძი ეწოდება. მათში მოხვედრილი პლანეტები კი აღგვიწერს, რა თემებიდანაა შესაძლებელი რომ გვქონდეს ფინანსური შემოსავლები, გვიმართლებს თუ არა ამ საკითხებში და გვეხმარებიან თუ არა ფინანსურად. თუ მე-2 და მე-8 სახლში პლანეტები არ გვყავს, უნდა დავაკვირდეთ მათ მმართველ პლანეტებს. მაგალითად თუ მე-2 სახლი იწყება მშვილდოსნით, უნდა დავაკვირდეთ რომელ ნიშანსა და სახლში დგას იუპიტერი და როგორ ასპექტაციაშია. ამ შემთხვევაში სწორედ იუპიტერი აღწერს მე-2 სახლთან დაკავშირებულ საკითხებს. თანამედროვე ასტროლოგიაში, გარდა მე-2 – მე-8 სახლებისა, ფინანსურ სახლებად მოიაზრება მე-5 და მე-11 სახლები, რადგან, დიდი ფული ძირითადად იშოვება ფინანსური ბირჟებით, რასთანაც მე-5 სახლია დაკავშირებული. მე-11 სახლი კი დაკავშირებულია გამართლებასთან, რაც გამდიდრებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ასევე, მე-11 სახლი კავშირშია ინტერნეტთან და საზოგადოებრივ საქმიანობებთან, რითიც თანამედროვე ეპოქაში ბევრი მდიდრდება. მდიდარ ადამიანებს ხშირად აქვთ სიმდიდრის ფორმულა, მე-2, მე-8, მე-5 და მე-11 სახლების ჰარმონიული ან შერეული კავშირები. მაგალითად თუ მე-2 სახლი მოხვდება კუროში, შესაბამისად გვექნება მე-8 სახლი მორიელში, მე-5 სახლი იქნება ლომში და მე-11 სახლი მერწყულში. თუ მე-2 სახლის მმართველი ვენერა მოხვდება მე-5 სახლში, შეერთება ექნება მზესთან, რომელიც მე-5 სახლს მართავს და თან მე-5 შია, ტრინით მე-8 სახლის მმართველ მარსთან და ოპოზიციით ურანთან, რომელიც მე-11 სახლის მმართველია. ამ კავშირებით (ფორმულით) ადამიანს დიდი ფულის შოვნის პოტენციური შესაძლებლობა ექნება. ადამიანებს, რომლებიც დიდ რესურსებს ფლობენ და მასებზე არიან გასული, ხშირად ასევე გამოკვეთილი ჰყავთ პლუტონი, ჰარმონიული ასპექტებით პირად პლანეტებთან. ფინანსური კეთილდღეობისთვის ასევე კარგი პოზიციაა, როდესაც ვენერას აქვს ჰარმონიული ასპექტი იუპიტერთან და პლუტონთან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს ასპექტი კავშირშია ფინანსურ სახლებთან. კარგი პოზიციაა ასევე, როდესაც ჰარმონიულად ასპექტირებული ვენერა და იუპიტერი მე-2 სახლშია. დიდი ფულის შოვნისთვის კარგია ჰარმონიული პლუტონიც მე-2 სახლში. მაგალითად, ბილ გეითსს იუპიტერი – პლუტონის შეერთება აქვს მე-2 სახლში, მერწყულის ფორტუნა მე-8 სახლში, ოპოზიციით ამ შეერთებასთან და კვადრატში ვენერა – სატურნის შეერთებასთან მე-5 სახლში, ვენერა კი მე-11 სახლს მართავს. სიმდიდრის ფორმულა თუ არა, სტაბილური ფინანსური მდგომარებისთვის კარგია როდესაც კეთილი პლანეტები, მზე, ვენერა და იუპიტერი არიან მე-2, მე-8 სახლებში, ჰარმონიული ასპექტებით და ერთმანეთთან კავშირებით.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ