ასტროლოგიაში გონებრივ და მენტალურ პროცესებზე პასუხისმგებელია მერკური, რომელიც პერიფერიული ნერვული სისტემის მმართველია. ცენტრალურ ნერვულ სისტემას კი ურანი მართავს. ადამიანის ფსიქიკაზე, შინაგან სამყაროზე და სულიერ მდგომარეობაზე მთვარე და ნეპტუნი აგებს პასუხს. ხშირ შემთხვევაში, ამ პლანეტების არასასურველ პოზიციაში ყოფნა, ნეგატიური ასპექტაცია და ავადმყოფობის სახლებში მოხვედრა წარმოშობს მენტალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იუპიტერის პოზიციაც, რადგანაც იუპიტერი კომპენსაციის პლანეტაა და სტრესული სიტუაციების გადალახვაში გვეხმარება. მარტივად რომ ვთქვათ, იუპიტერი აჩვენებს ადამიანის “პოზიტივის” დონეს და პასუხისმგებელია დოფამინის (ბედნიერების) ჰორმონის გამოყოფაზე, რის მეშვეობითაც ადამიანი მენტალურად აკომპენსირებს ნეგატიურ სიტუაციებსა და სტრესებს.
ადამიანებს, ნერვული პრობლემებით, ყველაზე ხშირად აქვთ დაზიანებული მერკური და მთვარე, – ქალწულში, მერწყულში და ტყუპებში. ხშირია ასევე მერკური-მთვარის, მერკური-ურანის და მთვარე-ურანის დაძაბული ასპექტები, (კვადრატი, ოპოზიცია, შეერთება). მითუმეტეს, თუ ამ პლანეტებს დაძაბული კავშირები აქვთ მე-6, მე-8 და მე-12 სახლებთან და დაზიანებულია მე-3, მე-11 სახლებიც. ამ ფონზე კი ხშირად იუპიტერი სუსტია. ყველაზე მეტად იუპიტერი სუსტდება მაშინ, როდესაც თხის რქაში, ქალწულში და ტყუპებშია, განსაკუთრებით, თუ რეტროგრადულია, სატურნის ნეგატიური ასპექტი აქვს და არ აქვს ჰარმონიული ასპექტები. ამ დროს ადამიანს ნაკლებად ექნება სტრესული სიტუაციების კომპენსაციის უნარი, მარტივად რომ ვთქვათ, იქნება პოზიტივის ნაკლებობა. ფსიქოლოგიური პრობლემებისას ხშირადაა მთვარე და მერკური მორიელში და თხის რქაში. ნეპტუნით და პლუტონით დაზიანებული მთვარე-მერკური ან სხვა პირადი პლანეტები ნეგატიური კავშირებით მე-12, მე-8 და მე-6 სახლებთან. მაგალითად- მთვარე თხის რქაში და მე-8 სახლში, კვადრატით პლუტონთან მე-6 სახლში, შესაძლებელია, ეს ფსიქოლოგიური პრობლემების ერთ- ერთი მაჩვენებელი იყოს , თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა დავაკვირდეთ იუპიტერს. უკეთ რომ მიხვდეთ, მოგიყვანთ ერთ პრაქტიკულ მაგალითს ადამიანზე, რომელსაც დეპრესია და მენტალური პრობლემები ჰქონდა. მის რუკაში მზე- მერკურის შეერთება იყო ქალწულში,ამასთან- მერკური დამწვარი, ორივეს კი ოპოზიცია ჰქონდა ურანთან, რაც ნერვული სისტემის აღზნებადობას და დაძაბულობას იწვევს. მზე და მერკური იდგა მე-11 სახლში, მე-11 სახლი ურანის ენერგიებთან არის დაკავშირებული და მენტალურ თემებში მონაწილეობს, ურანი კი ოპოზიციაში იდგა მე-6 სახლიდან. მე-6 სახლი ავადმყოფობის სახლია. გარდა მენტალური დაძაბულობისა, ადამიანს ჰქონდა მძიმე ემოციური ბუნება, არ ჰქონდა რელაქსაციის განცდა, რადგან დაზიანებული მთვარე მორიელში ჰყავდა.. ვენერა შეერთებული იყო სატურნთან ლომში, სატურნს კი კვადრატი ჰქონდა იუპიტერთან მორიელში. ანუ, ადამიანს აქვს დაძაბული ფსიქო-ემოციური და მენტალური მდგომარეობა, არ აქვს ბედნიერებისა და სიხარულის განცდა და ამ მდგომარეობის გადალახვაც უჭირს, რადგანაც იუპიტერი დაზიანებული აქვს სატურნით და ნეპტუნით. ამ დროს გამოსავლის პოვნა ცოტა რთულია, თუმცა უფრო დეტალურად უნდა გავაანალიზოთ რუკა და ხსნა ჰარმონიულ ასპექტებში ვიპოვოთ.. მაგალითად, ამ შემთხვევაში, მთვარეს სექსტილი ჰქონდა მარსთან ქალწულში და ფიზიკური აქტიურობა და დატვირთვა ვურჩიე დაძაბულობის მოხსნისთვის. ამ კონკრეტულ რუკაში სხვა ბევრი მაჩვენებელიც იყო, ეს თემაც ძალიან ვრცელია და ვეცადე ძალიან მოკლედ დამეწერა, თუ ეს საკითხი დაგაინტერესებთ, კიდევ უფრო გავშლი და სხვა მაგალითებს მოგიყვანთ.