2025 წლის 25 მაისს, პასუხისმგებლობების, დისციპლინის, წესების, ჩარჩოების, შეზღუდვისა და სტრუქტურის პლანეტა, სატურნი დატოვებს თევზების ზოდიაქოს ნიშანს და გადავა ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. შემდეგ რეტროგრადული მოძრაობის გამო დაბრუნდება თევზებში 2025 წლის პირველ სექტემბერს, 2026 წლის 14 თებერვალს კი საბოლოოდ გადავა ვერძში, სადაც იმოძრავებს 2028 წლის 13 აპრილამდე.
სატურნის, როგორც სოციალური პლანეტის, ერთ ნიშანში მოძრაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად, მისი ახალ ნიშანში – ვერძის ზოდიაქოში შესვლა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თითოეულის სოციალურ ცხოვრებაში.
სატურნი ვერძში სუსტ პოზიციაშია, რადგან დაცემულია, შესაბამისად ამ პერიოდში სატურნის თვისებები არასტანდარტულად და ცოტა “დამახინჯებულად” გამოვლინდება.
როგორ შეიძლება იმუშაოს პირად დონეზე?
სატურნი სიმყარის, პასუხისმგებლობების და მოთმინების პლანეტაა, ვერძი კი სწრაფი და აქტიური ნიშანია, რომელიც ხშირად დაუფიქრებლად მოქმედებს, შესაბამისად სატურნი თავის თვისებებს ადეკვატურად ვერ გამოავლენს. შესაძლოა ამ პერიოდში გაგიჭირდეთ მოთმინება, საქმის ბოლომდე მიყვანა, დიდი პასუხისმგებლობების თქვენს თავზე აღება და დისციპლინა. ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ იმპულსური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ზედმეტად არ იჩქაროთ რაღაცის კეთებისას, სანამ საქმეს დაიწყებთ დრო მიეცით საკუთარ თავს და დაფიქრდით ნამდვილად გააკეთებთ თუ არა ამ საქმეს და ბოლომდე მიიყვანთ თუ არა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ჩვეული რეჟიმი და ავტორიტეტებთან კონფლიქტს მოერიდეთ.
როგორ შეიძლება სატურნის ვერძში გადასვლამ იმუშაოს სოციალურ დონეზე?
ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია და ციკლის დასაწყისთან ასოცირდება, შესაბამისად სატურნი ვერძში მოიტანს განახლებებს კანონებში და სამართლებრივ საკითხებში. ამ პერიოდში გამოჩნდებიან ახალი პოლიტიკური ლიდერები და შეიქმნება ახალი პარტიები, სოციუმში გაჩნდება მთავარი კითხვა, ვინ უნდა იყოს ლიდერი? შესაძლოა გამკაცრდეს კანონები ისეთ საკითხებზე, რაც დაკავშირებულია ძალადობასთან, აგრესიასთან და სხვისი უფლებების დარღვევასთან. რეფორმები იქნება სამხედრო საკითხებშიც, შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს წესები ან მოხდეს ახალი სტრუქტურის დანერგვა თავდაცვით ძალებში. პრობლემები სოციალურ დონეზე, რაც იყო სატურნის მოძრაობის დროს მერწყულში და თევზებში, უფრო გამწვავდება და საჭირო გახდება შესაბამისი რეაგირება და პოზიციის ღიად გამოხატვა.
ნეგატიურ ვარიანტში (განსაკუთრებით ტრანზიტის დასაწყისში) შესაძლებელია იყოს ბრძოლა და კონკურენცია ძალაუფლებისთვისა და სტატუსისთვის, სტრუქტურის მოულოდნელი ნგრევა, კანონების დარღვევა პირადი მიზნებისთვის, სოციუმის მწვავე დაპირისპირება პირადი შეხედულებების გამო. სატურნის მოძრაობისას თევზებშიც იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ისეთი მწვავე ფორმა არ ჰქონია, როგორიც ვერძში გადასვლისას ექნება. ასევე შესაძლებელია უფრო მეტად გახშირდეს ხანძრები და აფეთქებები.
სატურნის ვერძში გადასვლა, თევზებში დაბრუნება და კვლავ ვერძში გადასვლა
როდესაც სატურნი პირველ ჯერზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში შევა, ისეთ საკითხებს წამოწევს, სადაც საჭიროა განახლება და ახალი თემების სტრუქტურირება, გამოაჩენს ახალ ლიდერებს და შემოგვთავაზებს მართვის ახალ ალტერნატივებს. თუმცა, იმისთვის რომ რაღაც ახალი დავიწყოთ, საჭიროა ჯერ გადავხედოთ წარსულს და დავასრულოთ ძველი, რაც უნდა მოხდეს სატურნის რეტროგრადულობის პერიოდში თევზებში. თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია და ციკლის დასასრულთან ასოცირდება, ვერძი კი პირველი ნიშანია და ციკლს იწყებს. ამ პერიოდში კი როდესაც სატურნი რეტროგრადული იქნება (სექტემბრიდან, თებერვლამდე) დაპირისპირება შესაძლებელია იყოს ძველ და ახალ მმართველებსა და იდეებს შორის, რაც პოლიტიკურ ჭრილშიც უნდა აღვიქვათ. სოციუმს კი მოუწევს არჩევა ვინ? ძველი თუ ახალი? რის გამოც გარკვეული პერიოდი შესაძლებელია სოციუმში ქაოსი და კონფლიქტები იყოს.
ამ ტრანზიტისას არსებული ისტორიული ფაქტები
მოდით, გავიხსენოთ იმ პერიოდის ისტორიული ფაქტები, როდესაც სატურნი ბოლოს ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფებოდა.
1937-1940 წლები, მეორე მსოფლიო ომი. ამ პერიოდში გაძლიერდა აგრესიული პოლიტიკა და სამხედრო მოქმედებები, რაც პირდაპირ კავშირშია სატურნის ტრანზიტთან ვერძში. ოფიციალურად ომის დაწყების დღეს სატურნი რეტროგრადული იყო კუროს 0 გრადუსში და ბრუნდებოდა ვერძში. თუმცა, ამ დროს პლუტონიც ახალი გადასული იყო ლომში.
1967 წელი, 6 დღიანი ომი ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის, სატურნი გადიოდა ვერძს. ასევე 1968 წელს ამავე ტრანზიტზე მოკლეს სამოქალაქო უფლებების დამცველი მარტინ ლუთერ კინგი, რასაც მასობრივი პროტესტი და ძალადობრივი დაპირისპირებები მოჰყვა.
1996 წელს, როდესაც სატურნი ვერძში შევიდა ავღანეთის მართვა დაიწყეს თალიბანებმა, რომლებიც მმართველობის აგრესიული ფორმებით და მკაცრი წესებით გამოირჩევიან. დღემდე ავღანეთის სახელმწიფოს თალიბანები მართავენ, რაც იმაზე მეტყველებს რომ სატურნის ერთი ციკლი სრულდება რაც სათავეში არიან, რაც იმედს მაძლევს რომ ამ პერიოდში მათი მმართველობა დასრულდება, მით უმეტეს რომ პლუტონიც მერწყულშია შესული. 1998 წელს, როდესაც სატურნი ვერძში იყო დაიწყო კოსოვოს ომი, რაშიც ჩაერია ნატოც, ომი ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა.
ვისზე მოახდენს ყველაზე დიდ გავლენას ეს ტრანზიტი?
გარკვეული სახის სირთულეებისა და დაბრკოლებების მომტანი ეს ტრანზიტი შესაძლებელია იყოს მათთვის, ვისაც პირადი პლანეტები ჰყავთ ვერძში, სასწორში, კირჩხიბში და თხის რქაში, განსაკუთრებით ვისაც პირველ სამ გრადუსში გყავთ პლანეტები. ამიტომაც ამ პერიოდში გმართებთ დისციპლინა, მოთმინება და ორგანიზებულობა.