სატურნის დაბრუნება. ნაწ I

რა არის სატურნის დაბრუნება, რატომ ეშინიათ მისი და როგორ შევამსუბუქოთ ნეგატიური ენერგიები ამ პერიოდში? ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც სვამს ყველა, ვინც ასტროლოგიას ეცნობა.

სატურნის დაბრუნება ასტროლოგიაში ის პერიოდია, როდესაც პლანეტა სატურნი ცაზე უბრუნდება იმავე წერტილს (ზოდიაქოს ნიშანსა და გრადუსს), რომელიც მას ადამიანის დაბადებისას ეკავა. ბრუნვის სრულ ციკლს სატურნი დაახლოებით 29.5 წელიწადში ასრულებს. მის პირველ დაბრუნებას ადამიანი, როგორც წესი, 28-30 წლის ასაკში ხვდება, მეორე დაბრუნება დაახლოებით 57-60 წლის ასაკში ხდება, ხოლო ზოგიერთი 85-88 წლის ასაკში სატურნის მესამე დაბრუნებასაც კი ხვდება.

ეს ტრანზიტი, როგორც წესი, დაძაბული პერიოდია. იმ ასტროლოგიური სახლის თემები, სადაც დაბრუნება მიმდინარეობს, შეიძლება საკმაოდ გართულდეს. სატურნი გვაიძულებს, გავხდეთ უფრო სერიოზულები და ჩამოყალიბებულები, თავიდან შევაფასოთ ჩვენი ვალდებულებები საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ და გაცნობიერებულად მოვემზადოთ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.

თუ ნატალურ რუკაში სატურნს ჰარმონიული ასპექტები აქვს, ეს ტრანზიტი მაინც გვაძლევს ცვლილებების ბიძგს, თუმცა მისი გამოვლინება, როგორც წესი, მსუბუქია. ჰარმონიული სატურნი მიგვანიშნებს, რომ ადამიანმა უნდა “იმეგობროს” პლანეტასთან და გაითვალისწინოს მისი ენერგიები. თუ სატურნის პერიოდს არ ეწინააღმდეგებით, ის თავად მოგცემთ მიმართულებას იმ სფეროში, რომელსაც თქვენი შემდგომი განვითარებისთვის აზრი აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრანზიტი უფრო მკაცრი მეთოდებით დაგვამორჩილებს, რაც ამ პერიოდს ჩვენთვის საკმაოდ მძიმესა და დეპრესიულს გახდის.

თუ ნატალურ რუკაში პრობლემურ სატურნთან გაქვთ საქმე, გახსოვდეთ, რომ სიამაყე უნდა დათმოთ და თავჩაუხრელად იმუშაოთ სატურნისეულ თემებზე. სატურნს უყვარს სტრუქტურა და ორგანიზებულობა. როდესაც საკუთარ ცხოვრებას ახალ რეალობას მოარგებთ, მისი მკაცრი მეთვალყურეობა შესუსტდება და ნელ-ნელა კრიზისიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

სატურნის პირველი დაბრუნებისას ჩვენ ვიწყებთ ნამდვილ ზრდასრულ ცხოვრებას. ეს შეიძლება საკმაოდ უსიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდეს, რადგან ზურგს უკან ვტოვებთ უდარდელ წლებს და დიდი პასუხისმგებლობებით სავსე ცხოვრებაში ვდგამთ ნაბიჯს. ამავდროულად, უნდა ვიყოთ შორსმჭვრეტელები ჩვენი არჩეული მიმართულებების მიმართ და შევძლოთ საკუთარი შინაგანი ბავშვის შენარჩუნება. ეს სტრესული პერიოდი ორ სამყაროს შორის ბალანსის პოვნას მოითხოვს: ახალგაზრდობას, რომელიც სრულდება, და ზრდასრულობას შორის, რომელიც შიშებითა და უცნობიობითაა სავსე. მიუხედავად ყველაფრისა, ეს პროცესი აუცილებელია პიროვნული ზრდისთვის და მისი გადალახვის საუკეთესო საშუალებაა, არ შევეწინააღმდეგოთ მას. რაც მალე ავითვისებთ ამ უმნიშვნელოვანეს გაკვეთილს, მით სწრაფად მივიღებთ შედეგს, რომელიც ჩვენი ცხოვრების მომავალ სამ ათწლეულს ჩაუყრის ფუნდამენტს.

სატურნის მეორე დაბრუნება აიძულებს ადამიანს, გადახედოს თავის დამოკიდებულებას ცხოვრებისეული ღირებულებებისა და, ზოგადად, სიცოცხლის მიმართ. სატურნი (ბერძნულ მითოლოგიაში „კრონოსი“) ეტიმოლოგიურად უკავშირდება სიტყვა „ქრონოსს“, რაც დროს ნიშნავს. მართლაც, ეს პერიოდი გვაძლევს გაკვეთილს, დავაფასოთ დრო და ცხოვრების წამიერება. ის აიძულებს ადამიანს, გააცნობიეროს, რომ სიცოცხლე სასრულია და მისი უაზროდ ფლანგვა არ შეიძლება.

სატურნის დაბრუნების პერიოდში ერთ-ერთ უდიდეს სირთულეს დროის სუბიექტური აღქმა წარმოადგენს. სანამ ადამიანი სატურნით პროვოცირებულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს, დრო ძალიან ნელა მიედინება: წუთები საათებად ეჩვენება, საათები კი — დღეებად. როდესაც პრობლემებს ქრონიკული ხასიათი აქვს და მათი გადაჭრა თვეობით ან წლობით იწელება, ადამიანი ხშირად დეპრესიაში ვარდება.

ცხადია, ეს ტრანსფორმაციული პერიოდი ადვილი არ არის. ის ხშირად მოითხოვს გადაწყობას, ზოგჯერ კი იმ საკითხებზე ან ჩვევებზე უარის თქმას, რომლებიც მოგვწონს და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ პერიოდის ხშირ სიმპტომებად დეპრესია, თმის ცვენა, ჭაღარის გაჩენა და ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემები მიიჩნევა. ამ მტკივნეულ პერიოდში ხშირად აქტიურდება ისეთი პასუხისმგებლობები, როგორიცაა ვალები, კრედიტები და დანაპირები (მათ შორის, საკუთარი თავის მიმართ).

რადგან სატურნი კარმასთან დაკავშირებული პლანეტაა, ჩვენი წარსული (ან ამ ცხოვრებაში დაგროვილი კარმა) დიდ გავლენას ახდენს იმ მოვლენებზე, რომლებიც დაბრუნებისას ხდება. ადამიანს, რომელსაც დადებითი კარმა აქვს, ნატალურ რუკაში სატურნს, როგორც წესი, ჰარმონიული ასპექტები ექნება და ტრანზიტიც შედარებით მსუბუქად, დეპრესიებისა და დიდი ნჯღრევების გარეშე ჩაივლის. სხვა შემთხვევაში, ნატალურ სატურნს დაძაბული ასპექტები ექნება, რის გამოც ადამიანი იძულებული გახდება, “დააბრუნოს ვალები” (ხშირად ფინანსურიც) და დეტალურად დაამუშაოს სატურნისეული საკითხები. ასეთ დროს სატურნის დაბრუნება მძიმეა, მაგრამ ამ პერიოდის გავლა ადამიანს უდავოდ აბრძენებს და უკეთეს კარმულ ბალანსს უქმნის მომავლისთვის.

მეორე ნაწილი

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ