ლილიტი ნატალურ რუკაში

როგორია თქვენი ფარული ბუნება? რის გამო შეიძლება დაგაბრალონ ის, რაც სინამდვილეში არ ჩაგიდენიათ? ასტროლოგიაში ამ კითხვებზე პასუხს ხშირად ლილიტი, ანუ შავი მთვარე გვაძლევს, რომელიც ჩვენი ფსიქიკის ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ წერტილს წარმოადგენს.

ლილიტი ასტრონომიულად ფიქტიური წერტილია — მთვარის ორბიტის ყველაზე შორეული წერტილი დედამიწიდან. თუმცა, მისი გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე სრულიად რეალური და ხშირად, თვალსაჩინოცაა. ის აღწერს ჩვენს ყველაზე ღრმა, დაფარულ სურვილებსა და მისწრაფებებს, რომელთა აღიარებაც კი შეიძლება გვიჭირდეს. ამავდროულად, ის ჩვენი პირველყოფილი, ირაციონალური შიშების სათავეცაა. ლილიტს დიდი კარმული დატვირთვა აქვს და გვიჩვენებს, თუ რომელ ცხოვრებისეულ სფეროებში დავაგროვეთ ნეგატიური გამოცდილება წარსულში. სწორედ ეს კარმული მეხსიერება განაპირობებს იმ გაუცნობიერებელ ქცევებსა და ემოციურ რეაქციებს, რომლებიც ამ ცხოვრებაში ვლინდება.

ლილიტის ენერგია ხშირად გვაიძულებს, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდეთ. მაგალითად, თუ ადამიანს ლილიტი ვერძში ჰყავს, ეს მიანიშნებს, რომ წარსულში ის შესაძლოა გამოირჩეოდა გადაჭარბებული ეგოიზმით, აგრესიითა და იმპულსურობით. ამ ცხოვრებაში კი, თუ მისი პირადი რუკა აქტიური და ცეცხლოვანია, ის კვლავ იგივე ცდუნების წინაშე დგას — გამუდმებით პირველობისკენ ისწრაფვის, უჭირს აგრესიის კონტროლი და ხშირად ერთვება კონფლიქტებში. მაგრამ თუ რუკა პირიქით, პასიურია, წარსულის ნეგატიური გამოცდილების გამო მას შეიძლება პათოლოგიურად ეშინოდეს დაძაბულობის, ვერ გამოხატავდეს ბრაზს და იყოს ზედმეტად კომპრომისული. ბედის ირონიით, ასეთი ადამიანი ხშირად მაინც ხდება სხვისი აგრესიის მსხვერპლი.

ალბათ, ლილიტის ყველაზე პარადოქსული თვისება ის არის, რომ როდესაც მის მიერ აღწერილ სურვილებს დათრგუნავ და დამალავ, სხვები სწორედ ამ თვისებებს მოგაწერენ. ხშირად ვხდებით პროექციის სამიზნე და გვაბრალებენ იმას, რისგანაც ყველაზე მეტად ვიკავებთ თავს. მაგალითად, ლილიტი მერწყულში მყოფ ადამიანს შეიძლება ეშინოდეს პარტნიორობის, რადგან ჰგონია, რომ ამით თავისუფლებას დაკარგავს. ამიტომ, ურთიერთობაში ცივი და დისტანციურია, რის გამოც საზოგადოება მას არასანდოდ მიიჩნევს. ან ლილიტი კირჩხიბში — ასეთ ადამიანს უჭირს ემოციებისა და ზრუნვის გამოხატვა, რის გამოც სხვების თვალში შეიძლება ფარულ, ჩაკეტილ და ბოღმა ადამიანადაც კი გამოჩნდეს.

რა თქმა უნდა, თუ ადამიანი სულიერად არ ვითარდება, ლილიტის ენერგია შეიძლება მართლაც უკიდურესად ნეგატიურად მუშაობდეს. თუმცა, მთავარი მიზანი მისი ენერგიის გაცნობიერებაა. როდესაც ვხვდებით, სად გვიქმნის ის პრობლემებს, ვიწყებთ მასზე მუშაობას და ვსწავლობთ ბალანსის დაცვას. ლილიტის ბნელი ენერგიის მართვა და მისი პოტენციალის სწორად გამოყენება პიროვნული ზრდის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ