დაზიანებული პლანეტების დამუშავება

ხშირად ასეთი შეკითხვა შემომდის, თუ რას ნიშნავს დაზიანებული პლანეტა, რითი ზიანდება იგი და როგორ ხდება მისი დამუშავება, ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემაზე დამეწერა. პლანეტა დაზიანებულად ითვლება მაშინ, როდესაც დაძაბული ასპექტი (კვადრატი და ოპოზიცია) აქვს სხვა პლანეტასთან. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რომელი პლანეტები აზიანებენ ერთმანეთს. მაგალითად, თუ მთვარეს კვადრატი აქვს ვენერასთან ან იუპიტერთან-ეს ასპექტი ან ასეთი „დაზიანება“ ადამიანისთვის ნაკლებად შემაწუხებელი იქნება და ნაკლებ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე პლუტონის ან სატურნის კვადრატი. რადგან „ბოროტი“ პლანეტებით დაზიანება ყოველთვის უფრო ხისტად მუშაობს და მეტად თვალსაჩინო პრობლემებს გვიქმნის. შეერთების შემთხვევაში, პლანეტების ხასიათს უნდა დავაკვირდეთ, თუ კეთილ პლანეტას ბოროტი პლანეტა უერთდება ეს დაზიანებად, ხოლო კეთილი პლანეტების ერთმანეთთან შეერთება ჰარმონიულად ჩაითველება. მაგალიდაც, მერკურის მარსთან შეერთებისას, მერკური დაზიანებულად ჩაითვლება, ხოლო ვენერას შეერთება იუპიტერათან ჰარმონიულ ასპექტად მოიაზრება. იმისათვის რომ დაზიანებული ასპექტის დამუშავება დავიწყოთ, პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ თუ რაში გვიშლის ეს ასპექტი ხელს, რადგანაც ვარიაცია ბევრია და მნიშვნელოვანია რომელ ნიშნებსა და სახლებს შორის ხდება დაზიანება და რომელი სახლების მმართველებია ეს პლანეტები. ასევე ამ პლანეტებს უნდა დავაკვირდეთ, სხვა ჰარმონიული ასპექტი აქვთ თუ არა, რადგანაც ტრინებმა და სექსტილებმა შესაძლებელია დაძაბული ასპექტის გავლენა უფრო შეამციროს. მაგალითად, რუკაში თუ მთვარე მარსის ოპოზიციას ვხედავთ და ორივე თუ ჰარმონიულ ასპექტშია იუპიტერათან, გამოვა რომ სინთეტური სამკუთხედის წვერში იუპიტერია, რის მეშვეობითაც ოპოზიციის ნეგატიური გავლენის ბალანსირება მოხდება. დაზიანებული პლანეტის დამუშავების ერთ-ერთი ხერხია საქმიანობით, ჰობით ან პროფესიით ასპექტის სწორად დატვირთვა. მაგალითად, თუ რუკაში ვხედავთ რომ მერკური ნეგატიურ ასპექტშია ურანთან, კარგი იქნება თუ ასეთი ადამიანი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესს გამოავლენს. ეს ასპექტი კარგად იტვირთება, თუ ადამიანი დაინტერესებულია ასტრონომიით, ასტროლოგიით, ინჟინერიით, პროგრემირებით, ფიზიკით…. თუ მაგალითად მარსის კვადრატს ვხედავთ პლუტონთან, ასეთ ადამიანებს ხშირად აქვთ მოზღვავებული ენერგია, აგრესია და დაძაბულობის განცდა. შესაბამისად, თუ ასეთი ადამიანი ივარჯიშებს, სპორტით ან ისეთი საქმიანობით დაკავდება, სადაც დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევს, ასპექტი სწორად დაიტვირთება. ხშირად მხოლოდ პროფესიით, ჰობით ან ფიზიკური აქტიურობით დაზიანებული პლანეტის დატვირთვა ვერ ხდება, რადგანაც ზოგ ადამიანს პრობლემა შესაძლებელია ხასიათში ან ფსიქიკაში ჰქონდეს. ამიტომაც აუცილებელია ჯერ არსებული პრობლემა თვითონ გააცნობიეროს და შემდგომ ნელ-ნელა მისი მოგვარება დაიწყოს. მაგალითად, მთვარე პლუტონის ნეგატიური ასპექტისას, ადამიანს შესაძლებელია დაუცველობის განცდა და შიშები ჰქონდეს, რის გამოც მუდმივად დაძაბული იყოს და გარემოს კონტროლს ცდილობდეს. ასეთ შემთხვევაში, უნდა გავარკვიოთ თუ საიდან წარმოიქმნა ეს დაუცველობის განცდა, რა ტრავმის შემდგომ, კონკრეტულად რისი შიში აქვს ადამიანს და შემდეგ პატარ-პატარა ნაბიჯებითა და საკუთარ თავზე მუშაობით ვეცადოთ ამ პრობლემის გამოსწორებს, თუ პრობლემა უფრო მძიმეა ამის მოგვარებაში ფსიქოლოგი დაგეხმარებათ.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ