ვსწავლობთ ასტროლოგიას (გაკევთილი #1- სიმბოლოები)

ზოგადად, ასტროლოოგიით დაინტერესება დღითიდღე იზრდება და ადამიანები ხვდებიან, რომ ის უბრალოდ ზოდიაქოს ნიშნების და ზოგადი ტენდენციების ცოდნით არ შემოიფარგლება. ასტროლოგია არ არის აბსტრაქტული ცნება და არც ასტროლოგია წინასწარმეტყველი. ეს არის მეცნიერება, რომელიც ადამიანში არსებულ რესურსებზე, მისი მუშაობა-არ მუშაობით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე და ბედის განვითარებაზეა ორიენტირებული. აქ სულაც არ არის საჭირო რაიმე „ზებუნებრივი“ ნიჭი. ეს არის კონკრეტული გამოთვლები და ლოგიკა.
ადრე ასტროლოგები რუკებს ხელით ხაზავდნენ და პლანეტებს საჭირო ნიშანსა და გრადუსზე სპეციალური ცხრილების მიხედვით ათავსებდნენ. ახლა, ინტერნეტ ეპოქაში უამრავი საიტი და პროგრამა არსებობს, რისი დახმარებითაც ადამიანს შეუძლია შეადგინოს პირადი რუკა და საკუთარ თავზე ზოგადი ინფორმაცია შეიტყოს. მაგალითად, რომელი პლანეტა რომელ ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება და რა დამოკიდებულება აქვს მას სხვა პლანეტებთან. მაგრამ, ამ დროს შეიძლება წარმოიქმნას სირთულე, რადგან არ ვიცით რომელი სიმბოლო რას აღნიშნავს.
ჩვენი აზრით, ასტროლოგიის საფუძვლების შესასწავლად ყველაზე კარგ მეთოდია საკუთარი ასტროლოგიური რუკის შედგენა და მისი ნელ-ნელა შესწავლა. როგორც აღვნიშნეთ, რუკის შესადგენად უამრავი ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ ინტერპრეტაციისთვის საჭიროა სიმბოლიკის ცოდნა. ასევე დამაბნეველია გამოთქმები: „მთვარე მყავს ლომში“, „ჩემი მეგობარი ლილითი მორიელია“ და ა.შ. ამ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ ასტროლოგიის „პირველი კლასის“ მასალა.

მაშ ასე, დავიწყოთ:
არსებობს ზოდიაქოს 12 ნიშანი, რომელსაც შეესაბამება 12 სახლი. ნიშნების თანმიმდევრობის ცოდნა აუცილებელია, რადგან ზოდიაქოს რუკა – ეს ერთგვარი თანმიმდევრული სისტემაა, რომელიც წესრიგს მოითხოვს.
ნატალური რუკა (ადამიანი პირადი ასტროლოგიური რუკა) ასტროლოგის ძირითადი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ კითხვებზე სწორი პასუხი მივიღოთ.
პირადი რუკა იქმნება დროის ზუსტი მომენტისთვის (წელი, თვე, დღე, საათი, წუთი) და კონკრეტული სივრცითი კოორდინატების (ქვეყანა, ქალაქი) გამოყენებით. ყველა ეს კომპონენეტი აუცილებელია სწორი შედეგისთვის, რადგან ადამიანის დაბადების მომენტში პლანეტებს სხვადასხვა განლაგება აქვთ და იმ მომენტისათვის ერთმანეთზე განსხვავებულად მოქმედებენ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მაგალითად ორი კურო, თუნდაც ერთ წელს დაბადებული, განსხვავდება ერთმანეთისგან. ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგადი ჰოროსკოპი ძალიან ზედაპირულია და დამთხვევა დახლობით 15-30 %-ია. თუ დაბადების ზუსტი თარიღი არ ვიცით, ასტროლოგიაში არსებობს მეთოდები (რექტიფიკაცია), რითაც ასტროლოგს შეუძლია დაბადების ზუსტი დრო დაადგინოს.
პირველ რიგში, აუცილებელია დავიმახსოვროთ სიმბოლოები, რომლებიც ცხრილის სახით ქვევით არის მოცემული:

მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელია დავხაზოთ წრე და დავყოთ 12 ტოლ ნაწილად ისე, როგორც ეს სამუშაო სურათზეა გამოსახული. წრეში ზოდიაქოს ნიშნები და შესაბამისად სახლებიც საათის ისრის საწინააღდეგო მიმართულებით მოძრაობენ. პირველი ზოდიაქოა ვერძი, რომელსაც პირველი სახლი შეესაბამება. მეორეა კურო. ის მეორე სახლს შეესაბამება და ა.შ. როგორც ვიცით, წრე 360 გრადუსიანია. შესაბამისად, თითოეული ზოდიაქო მოიცავს 30 გრადუსს (360 : 12). თავის მხრივ :1 გრადუსი = 60 მინუტს, 1 მინუტი = 60 სეკუნდს. გამოდის, რომ ნატალურ რუკაზე:

0-30 გრადუსამდე – ვერძია;
30-60 გრადუსამდე – კურო;
60-90 გრადუსამდე – ტყუპები;
90-120 გრადუსამდე- კირჩხიბი;
120-150 გრადუსამდე – ლომი;
150-180 გრადუსამდე – ქალწული;
180-210 გრადუსამდე – სასწორი;
210- 240 გრადუსამდე – მორიელი;
240-270 გრადუსამდე – მშვილდოსანი;
270-300 გრადუსამდე – თხის რქა;
300-330 გრადუსამდე – მერწყული;
330-360 გრადუსამდე – თევზები.





ახლა დავუბრუნდეთ ზოდიაქოს ნიშნებსა და სახლებს. მოდით, ზოგადად განვიხილოთ ისინი:

1.ვერძი – I სახლი (სიმბოლო ♈). მმართველი პლანეტები: მარსი და პლუტონი;
2.კურო – II სახლი (სიმბოლო ♉ ). მმართველი პლანეტები: ვენერა და ქირონი;
3.ტყუპები – III სახლი (სიმბოლო ♊ ). მმართველი პლანეტები: მერკური და პროზერპინა;
4.კირჩხიბი – VI სახლი (სიმბოლო ♋ ). მმართველი მნათობი: მთვარე;
5.ლომი – V სახლი (სიმბოლო ♌ ). მმართველი მნათობი: მზე;
6.ქალწული – VI სახლი (სიმბოლო ♍). მმართველი პლანეტები: მერკური და პროზერპინა;
7.სასწორი – VII სახლი (სიმბოლო ♎). მმართველი პლანეტები: ქირონი და ვენერა;
8.მორიელი – VIII სახლი (სიმბოლო ♏). მმართველი პლანეტები: პლუტონი და მარსი;
9.მშვილდოსანი – IX სახლი (სიმბოლო ♐). მმართველი პლანეტები: იუპიტერი და ნეპტუნი;
10.თხის რქა – X სახლი (სიმბოლო ♑ ). მმართველი პლანეტები: სატურნი და ურანი;
11.მერწული – XI სახლი (სიმბოლო ♒ ). მმართველი პლანეტები: ურანი და სატურნი;
12.თევზები – XII სახლი (სიმბოლო ♓). მმართველი პლანეტები: ნეპტუნი და იუპიტერი.

რაც შეეხება პლანეტებს, მათ ასტროლოგიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ, რადგან ნიშანში პლანეტების მდებარება ან თავმოყრა (დაბადების დროს) ადამიანის ჩამოყალიბება-განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ყველა ზოდიაქოს ნიშანს და სახლს ჰყავს თავისი მმართველი პლანეტა ან პლანეტები. გამონაკლისია კირჩხიბი (მთვარე) და ლომი (მზე), რომლებსაც მხოლოდ მნათობები მართავენ და სხვა პლანეტა ამაში არ მონაწილეობს (იხ. სურ 1).



პლანეტების თანმიმდევრობა იგივეა, რაც სკოლის მასალაში გვაქვს ნასწავლი (ფიქტიურ პლანეტებზე და ასტეროიდებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ). თავდაპირველად ხილული იყო პირველი 7 პლანეტა, ამიტომ კლასიკური ასტროლოგია ამ 7 პლანეტაზე დაყრდნობით არსებობს. ბოლო სამი პლანეტა სულ რამოდენიმე საუკუნეს ითვლის. ათვლა იწყება მზიდან, რადგან ის სიტემის ცენტრია:
1. მზე ☉- ადამიანის ეგო, იმპულსი. თავს იჩენს ძირითადად სტრესული მდგომარეობისას;
2. მერკური ☿ – ადაპტაცია, კომუნიკაცია, აზროვნება;
3. ვენერა ♀ – ადამიანის შაბლონური და უცვლელი ნაწილი, სამყაროს აღქმა. ადამიანის დამოკიდებულება “მომწონს-არ მომწონს“, „მინდა-არ მინდა“. ეს კოდი ადამიანში დევს და ის უცვლელია;
4. მთვარე ☽ – ემოციები, ქვეცნობიერი;
5. მარსი ♂ – ქცევა, იმპულსი, მოძრაობა, აქტიურობა;
6. იუპიტერი ♃ – ბედნიერება, საბოლოო მიზანი, ჰორიზონტი, მიზნის მიღწევა;
7. სატურნი ♄ – მიღწეული მიზნის ფიქსაცია. ცხოვრებისეული გამოცდები, სამყაროსგან სამართალიანი დამოკიდებულება;
8. ურანი ♅ – უცაბედი ცვლილებები, არაპროგნოზირებადობა, ორიგინალურობა, განთავისუფლება;
9. ნეპტუნი ♆- სიზმრები, ილუზიები, ფანტაზიები, წარმოსახვები;
10. პლუტონი ♇- ძველის ნგრევისა და ახლის შენების პლანეტა.
პლანეტებს მზიდან სატურნამდე ეწოდებათ სატურნიალური პლანეტები. ეს ჩვენთვის ხილული მხარეა და ძირითადად მოქმედებენ ჩვენს შინაგან სამყაროზე. განსაზღვრავენ ჩვენს დამოკიდებულებას, ინდივიდუალობას და ა.შ. ეს ის სფეროებია, რისი შეცვლაც ადამიანს შეუძლია, რადგან ეს 7 პლანეტა შედარებით სწრაფად მოძრაობს და ადამიანის ცხოვრებაში რამდენიმე ციკლს ქმნის. მაგალითად, სატურნი მზის გარშემო სრული წრის გავლას დაახლოებით 29 წელს ანდომებს. გამოდის, რომ საშუალოდ ადამიანის ცხოვრებაში ის 2 ან 3 ციკლს ქმნის.
სატურნის შემდგომ პლანეტებს ეწოდებათ ტრანსატურნიალური პლანტები. ისინი გამოხატავენ ფარულ, ირეალურ სამყაროს, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად მოქმედებს და მათი შეცვლა არ შეგვიძლია. მაგალითად, ურანი მზის გარშემო მოძრაობას დაახლოებით 84 წელი უნდება. გამოდის, რომ ადამიანს ცხოვრებაში ურანის 1 ციკლი აქვს. ნეპტუნი და პლუტონი კი ციკლის შესრულებას ასწლეულებს ანდომებენ და ეს ნიშნავს, რომ ადამიანს მათი 1 მთლიანი ციკლიც კი არ აქვთ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კოლექტიური არაცნობიერი.


⚷ ამ „ორი სამყაროს“ გასაყარზე სატურნსა და ურანს შორის მდებარეობს პატარა პლანეტოიდი ქირონი. ის, შეიძლება ითქვას, დამაკავშირებელი არხია რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის. ეს არის კავშირი ინფორმაციის გაცვლისთვის „უმაღლეს მე“-ს და „უმდაბლეს მე“-ს შორის.

პროზერპინა – ეს არის ასტეროიდი, რომელიც პლუტონის უკან დგას. ის მზის გარშემო მოძრაობას 550 წელი უნდება. ასტროლოგიაში პროზერპინა განიხილება, როგორც გლობალური გარდაქმნების, მუტაციის, რეგენერაციის სიმბოლო.
ასვე მნიშვნელოვანია თეთრი მთვარის (სელენა ) და შავი მთვარის (ლილითი) მდებარეობის ცოდნა. ისინი არც პლანეტები და არც ასტეროიდები არიან. მთვარის ორბიტის წერტილებს წარმოადგენენ. მარტივად რომ ვთქვათ, ლილითი არის მაცდუნებელი ძალა, ხოლო სელენა ასტროლოგიაში გარკვეულწილად, მფარველი ანგელოზის ფუნქციას ითავსებს.
ნატალურ რუკას თუ 4 ტოლ ნაწილად გავყოფთ, გვექნება 4 კონკრეტული წერტილი, რასაც რუკის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ზუსტი შედეგი მივიღოთ. 4 წუთის ცდომილება გვაძლევს 1 გრადუსიან განსხვავებას, ამიტომ არის საჭირო დაბადების ზუსტი დროის ცოდნა. ნატალური რუკის ეს ოთხი ნაწილია:

ASC – აღმოსავლეთი ყოველთვის I (ვერძის ) სახლშია. ის განსაზღვრავს ადამიანის ფსიქოტიპს, გარეგნობას და ქცევას.
IC – სამხრეთი ყოველთვის IV (კირჩხიბის) სახლშია. ეს არის ჩვენი წარმომავლობა, ფესვები, სამშობლო და ოჯახი.
DSC – დასავლეთი ყოველთვის VII ( სასწორის) სახლშია. ის განსაზღვრავს იმ თვისებებს, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია და სხვა ადამიანებში ვეძებთ. ამიტომ ეს პარტნიორული ურთიერთობის განმსაზღვრელი მდებარეობაა.
MC – ჩრდილოეთი ყოველთვის X (თხის რქის) სახლშია. ის განსაზღვრავს სოციალურ სტატუსს. სიმბოლურად ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული დანიშნულება, მიზნები და ინტერესები.
ამით დასრულდა ჩვენი 1 გაკვეთილი. ეს არის საწყისი ბაზა, რასაც შეიძლება „სიმბოლები და მოკლე განმარტებები“ ვუწოდოთ. ამ მასალის ათვისება დაგეხმარებათ, რომ შემდეგი გაკვეთილები უფრო მარტივად გაიგოთ. 

მოამზადა Nina Runes
«ეზოთერული სახელოსნო»

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

ასევე გირჩევთ