ვენერა მარსის ურთიერთობა

როგორ იკმაყოფილებს ადამიანი თავის სურვილებს და მოთხოვნილებებს, დღეს კი ვისაუბრებთ “რეპროდუქციულ” წყვილზე ვენერა-მარსი.

ვენერა ჩვენ გვიყალიბებს პრიორიტეტებს, ეთიკას, სურვილებს, გემოვნებას და გვაძლევს არჩევანის გაკეთების უნარს. მისი მთავარი პრინციპია ჰარმონიზაცია, შესაბამისად ვენერა გვეხმარება ბალანსის აღდგენაში და წონასწორობაში. მისი საშუალებით აქვს ადამიანს სიმშვიდის, კომფორტის და სტაბილურობის განცდა.

მარსი იან პრინციპის პლანეტაა და გვიჩვენებს როგორ გამოხატავს ადამიანი თავის პირად ნებას, როგორია ქმედებებში, რამდენად ენერგული, ბრძოლისუნარიანი და აქტიურია.

მარსი ყოველთვის მოქმედებს ვენერას პრიორიტეტებითა და პრიციპებით. ვენერა აფასებს სიტუაციას, აკეთებს არჩევანს, ამბობს “მინდა” მარსი კი გამოხატავს ვენერას ნებას და იწყებს იმისთვის ბრძოლას რაც უკვე ვენერამ ისურვა. მარსი ყოველთვის არღვევს ვენერას მიერ შემოტანილ წონასწორობასა და ჰარმონიას, შემდეგ ვენერა იწყებს არსებული კონფლიქტის მოგვარებას და სიტუაციის ისევ ჰარმონიაში მოყვანას, მარსიც კვლავ არღვევს ამ ჰარმონიას და ასე გრძელდება უსასრულოდ. მაგრამ კონფლიქტის სურვილიც ხომ სურვილია? ამიტომაც ხშირ შემთხვევაში კონფლიქტების და ომების მაპროვოცირებელი სწორედაც რომ ვენერაა. სიტუაციაში, სადაც ყველაფერი ჰარმონიაშია ვენერა კარგავს თავის ფუნქციას, ამიტომაც წარმოშობს კონფლიქტს, რათა თვითონ დააბალანსოს იგი. ხშირად შეატყობთ სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს (თუ ნეგატიურად ავლენენ სასწორის თვისებებს) როგორ დახვეწილად და ლამაზად შემოაგდებენ ინტრიგას სოციუმში, რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება, შემდეგ კი ისევ თვითონ ცდილობენ ამ დაძაბულობის განმუხტვას.

ომების დაწყების რუკებში ძალიან ხშირია ვენერას აქტიურობა, მაგალითად პირველი მსოფლიო ომის დაწყების რუკაში ვენერა მარსთან იყო შეერთებული ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ვენერა ასევე მარსთან იყო შეერთებული თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, მიწის ნიშნებში რატომაცაა ალბათ გასაგებია, ომი ძირითადად მატერიალური რესურსებისა და მიწების გამო ხდება.

ვენერა-მარსის ურთიერთობა ნატალურ რუკაში გვიჩვენებს თუ როგორი სურველები აქვს ადამიანს და როგორ ცდილობს ამ სურვილებისთვის ბრძოლას. თუ რუკაში ვხედავთ ვენერა მარსის ჰარმონიულ ასპექტს (ტრინს, სექსტილს) ეს პოზიტიური ფაქტორია, რადგანაც ადამიანი მოქმედებს თავისი სურვილებისა და პრიორიტეტების შესაბამისად. მაგალითად ვენერა კუროში, ტრინით მარსთან თხის რქაში. ვენერა კუროთი ადამიანს უყვარს სიმშვიდე, სტაბილურობა და მატერიალური სიამოვნებების მიღება, მარსიც თხის რქაში მოქმედებს დინჯად, სტაბილურად და ორგანიზებულად, რაც არ ეწინააღმდეგება ვენერა კუროს სურვილებს, პირიქით ჰარმონიაში მოდის. ვენერა მარსს შორის თუ დაძაბული ასპექტია (კვადრატი, ოპოზიცია) ეს დაზიანებად ითვება, რადგან ადამიანი არასწორი მეთოდებით გამოხატავს იმას რაც უნდა, ანუ მოქმედებს თავისი პრიორიტეტების საწინააღმდეგოდ. მაგალითად ავიღოთ ისევ მარსი თხის რქაში რომელიც კვადრატშია ვენერასთან ვერძთან. ვერძის ვენერას ყველაფერი უცებ და სწრაფად უნდა, იმ წამშივე, მარსს თხის რქაში კი არ შეუძლია სწრაფი და იმპულსური ქმედებები, შესაბამისად ადამიანი წინააღმდეგობაში მოდის თავის სურვილებთან. ან ვთქვათ ვენერა არის მერწყულში კვადრატით მარსთან კუროში. მერწყულის ვენერა ინოვაციურია, უყვარს სიახლეები და მოულოდნელობები. კუროს მარსი კი ძალიან ნელი და სტაგნატურია, შესაბამისად ვერ ახერხებს მერწყულური არასტანდარტული სურვილებისთვის იმოქმედოს. რუკაში, როდესაც ვენერა შეერთებულია მარსთან ესეც პრობლემურია, რადგანაც ადამიანი ვერ ასწრებს სურვილების გაცნობიერებას, ზედმეტად იმპულსური და აქტიურია, სურვილის გაჩენისთანავე ქმედებაზე გადადის დაფიქრების გარეშე. ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს მოთმინება და ანალიზის უნარი, რამდენად უნდა ის რისთვისაც მოქმედებს და იბრძვის, იქნებ ეს სულაც წამიერი აკვიატებაა. როდესაც ვენერა მარსს შორის ასპექტარული კავშირი არ არის, სიტუაცია მეტ ნაკლებად ნეიტრალურია.

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ