პლუტონი ცვლილებების, ტრანსფორმაციებისა და კრიზისების პლანეტაა. იგი ასევე ნგრევებთან, სტრესებთან და მტკივნეულ გარემოებებთან ასოცირდება. როდესაც ტრანზიტულ რუკაში, პლუტონი ნატალურ პლანეტებთან ასპექტებს აკეთებს, ის პერიოდი გამოკვეთილად მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დაძაბულ ასპექტაციაში ან შეერთებაშია ნატალურ პლანეტებთან. თუმცა, პლუტონი არასდროს ცვლის იმას, რაც შესაცვლელი და დასანგრევი არ არის, პირიქით- ყოველთვის არასასურველს, მოძველებულს და ტოქსიკურს გვაშორებს ცხოვრებიდან. უბრალოდ, იმ მომენტში, ეს ადამიანურ ენაზე შესაძლებელია რთული გასაგები იყოს. რადგანაც გარკვეული საკითხების მიმართ მძაფრი ემოციური ბმა გვაქვს, ჩვენგან ვერ ვუშვებთ და ისტერიკულად მიჯაჭვულები ვართ. პლუტონი კი ხშირად ზუსტად იმას გვართმევს, რაზეც არაადეკვატურად ვართ ჩაციკლულები და რაც უკვე გვაზიანებს. იმ მომენტში ეს ცვლილებები მტკივნეულად და სტრესულად აღიქმება, თუმცა, იმ საკითხებში რაც პლუტონის აპსექტმა წინ წამოწია, ცვლილებები მანამდეც საჭირო იყო და რადგანაც ამ ყველაფერს ჩვენით ვერ ვცვლიდით, პლუტონმა შესაბამისი გარემოებები შექმნა და ცოტა დესტრუქციული მეთოდებით ცვლილებები გვაიძულა. ბევრჯერ მინახავს ადამიანებთან ამ ასპექტს პოზიტიურადაც კი უმუშავია, მართალია იმ მომენტში გარკვეული სტრესები და ნგრევები იყო, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები ადამიანისთვის სასიკეთო აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, იშვიათ შემთხვევაში, პლუტონს საბედისწერო ბუნებაც გააჩნია, რაც პირდაპირი გაგებით სიკვდილს ნიშნავს, თუმცა, სამყაროს თვალსაზრისით, ესეც საჭიროებისამებრ ხდება. პლუტონს რადიკალური ბუნება აქვს, მისთვის ბზარი არ არსებობს, დაე დაინგრეს, ბოლომდე განადგურდეს და უკვე გასტერილებულ, სუფთა ადგილას რაღაც უფრო მტკიცე, ძლიერი და სრულყოფილი შეიქმნას. როდესაც ტრანზიტული პლუტონი ასპექტს აკეთებს ნატალურ პლანეტასთან, მისი გავლენა დაახლოებით 2 წელი გრძელდება და ცვლილებები შემოდის იმ პლანეტისა და სახლების თემებში, რასაც ეს ასპექტი შეეხება. 2008 წლიდან 2024 წლამდე პლუტონი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს გადიოდა და სხვდადასხვა დროის მონაკვეთში დიდი ნგრევები და სტრესები გაიარეს კარდინალურმა ნიშნებმა, თხის რქებმა, კირჩხიბებმა, სასწორებმა და ვერძებმა. პრაქტიკიდან გამოვყოფდი კირჩხიბს, მათთვის პლუტონის თხის რქაში მოძრაობა ყველაზე რთული იყო, რადგან ოპოზიცია დგებოდა. ამჯერად კი პლუტონი მერწყულში იმოძრავებს და მძაფრად იმოქმედებს ფიქსირებულ ნიშნებზე: ლომებზე, მერწყულებზე, კუროებზე და მორიელებზე. 2024-2025 წლებში უფრო მეტად მათზე ვისაც ფიქსირებულ ნიშნებში პირადი პლანეტები ჰყავთ დასაწყის გრადუსებში. განსაკუთრებით კი მათზე, ვინც 20-21 იანვარს, 22-23 ივლისს, 22-23 ოქტომბერს და 20-21 აპრილს დაიბადნენ. უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, იმ პლანეტის საკითხებში რასაც პლუტონი შეეხება და თუ რაიმე პრობლემას აღმოაჩენთ, მის გამოსწორებაზე და შეცვლაზე უნდა იმუშაოთ, რათა პლუტონის ენერგიები სწორად დაიტვირთოს და ნაკლებად სტრესულად იმუშაოს. თუ ვენერასთან დგება ნეგატიურ ასპექტში შესაძლებელია ცვლილებები იყოს საჭირო თქვენს პირად-სასიყვარულო ურთიერთობებში ან თქვენს სურვილებსა და პრიორიტეტებში. მერკურის შემთხვევაში შესაძლებელია ტრანსფორმაციები იყოს საჭირო კონტაქტებში და ყოველდღიურ ურთიერთობებში. ასევე სწავლასთან და ინფორმაციის მიღება-გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში. პლუტონი მერკურის ასპექტისას, ხშირია არასწორი კონტაქტების მოშორება და ურთიერთობების გაწყვეტა. ნეგატიურ ვარიანტში, შესაძლებელია ეს ასპექტი და-ძმებისა და ნათესავების რთულ სიტუაციებს ან მათთან კონფლიქტებსაც აღწერდეს. პლუტონს ხშირად ისეთი მოვლენებიც მოაქვს, რაზეც ჩვენ გავლენას ვერ ვახდენთ, თუმცა, ჩვენ მაინც უნდა შევეცადოთ, რომ გავაცნობიეროთ თუ რის შეცვლას მოითხოვს პლუტონი ჩვენგან. ხშირად, როდესაც პირველად ეხება ტრანზიტული პლუტონი ნატალურ პლანეტას თვითონვე გვიჟღერებს სად გვჭირდება ტრანსფორმაციები და რა უნდა განვაახლოთ ჩვენს ცხოვრებაში. თუ ამას გავაცნობიერებთ და ჩვენივე ნებით იმ თემას შევცვლით, რასაც პლუტონი დაარტყამს, ზედმეტ სტრესებს ავირიდებთ თავიდან. თუ ამას ჩვენით არ გავაკეთებთ, პლუტონი იძულებით სიტუაციებსაც შეგვიქმნის. თუმცა, სანამ ასპექტის დეტალურ ანალიზს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნატალურ რუკაში გამოკვეთილი გვყავს თუ არა პლუტონი, რომელ სახლებს შორის დგება ასპექტი და რომელი სახლების მმართველებია ეს პლანეტები.