ეგრეგორი – ადამიანის აზროფორმა

ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც დავიწყებულია სულიერ სამყაროსთან კავშირი და გონება მაქსიმალურად ჩაფლულია მატერიალურ ყოველდღიურობაში. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ხედვასთან ერთად დავივიწყეთ ის ცოდნა, რაც გვაკავშირებდა იმ სამყაროსთან, რომელიც ფიზიკურ დონეზე არ აღიქმება.
ჩვენ გარშემო, გარდა იმ მატერიალური სამყაროსი, რომელსაც ვხედავთ, გვესმის და ვეხებით, არსებობს სხვაც, რომელიც ჩვენი აღქმის ორგანოების იმ დიაპაზონისთვის, რომელზეც ამ ეტაპზე მუშაობენ, მიუღწეველია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აღქმისთვის დავიწყებულია, ეს სამყარო მატერიალურთან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და მათ შორის ხდება ურთიერთკავშირი სხვადასხვა მექანიზმით. ჯამში, ეს ყველაფერი ჩვენს ყოფიერებაზე სხვადასხვაგვარად აისახება. ერთ-ერთი ამ მექანიზმთაგანი, რომელიც მატერიალურსა და არამატერიალურს აკავშირებს და ახდენს ურთიერთქმედებას, არის ეგრეგორი.


რა არის და როგორ წარმოიქმნება ეგრეგორი
აზრი, ისევე როგორც სხვა იმპულსები, ელექტრო-ქიმიურ ურთიერთქმედებათა შედეგია. როდესაც იკვეთებიან აზრები მსგავსი იდეით და ხარისხით, ისინი ქმნიან აზრთა ერთობლიობას (ეგრეგორს). მოკლედ რომ ვთქვათ, ეგრეგორი არის ენერგო ინფორმაციული სუბსტანცია, რომელიც იქმნება საერთო იდეის ან მიმართულების მქონე ადამიანების გადაკვეთის დროს. ანუ, როდესაც იკრიბება ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, გარკვეული საქმიანობის გარშემო, ფიზიკური საქმიანი ერთობის გარდა, ასევე იქმნება არაფიზიკური სუბსტანცია, რომელიც იკვებება ამ ადამიანთა აზრობრივი ქმედებებით და მათ შორის ურთიერთკავშირი მყარდება.
როგორც მატერიალურ სივრცეში ვიკრიბებით გარკვეული იდეის გარშემო და ვქმნით გარკვეული სახის მექანიზმებს ამ იდეის განსახორციელებლად, ასევე არამატერიალურ, ჩვენთვის უხილავ სივრცეში წარმოიქმნება სუბსტანცია. მაგრამ მატერიალურისგან განსხვავებით, საკითხი აქ ცოტა სხვაგვარად წარიმართება.
როცა იქმნება ეგრეგორი, ის იძენს ავტონომიურ ხასიათს, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარკვეული სახის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ურთიერთმოქმედებაში მოდის მასში შემავალ აზრობრივი ენერგიის წყარობთან (ადამიანებთან) და შეუძლია მათ ემოციებთან და გრძნობებთან, ასტრალურ და მენტალურ დონეზე ლოგიკური ქმედებების განხორციელება.
რა სახის ეგრეგორები არსებობს – ეგრეგორების კლასიფიკაცია როგორც ასეთი, არ არსებობს, რადგან ნებისმიერ საერთო ქმედებას შეიძლება ჰყავდეს თავისი ეგრეგორი. მაგრამ მათი კლასიფიცირება შესაძლებელია სიძლიერისა და სიდიდის მიხედვით.
ასევე შეგვიძლია გამოვყოთ ძირითადი ეგრეგორული გაერთიანებები, ესენია: რელიგიური, საგვარეულო, ნაციონალური, ფინანსური, მაგიური ორდენების, ფილოსოფიური სწავლებების, კონკრეტული მიზნისკენ მიმართული კოლექტივის და ა.შ.
როგორ ურთიერთქმედებენ ეგრეგორები ადამიანებთან და როგორ ხდება მათთან მიერთება და შესაბამისად გამოყოფა _
ძირითად ეგრეგორულ გაერთიანებებში, მაგალითად, როგორიცაა საგვარეულო ან რელიგიური (ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაბადებიდან მალევე ნათლავენ, მისგან დამუკიდებლად და თანხმობის გარეშე) ადამიანი თავიდანვე ხვდება. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენებს, ადამიანი უკვე ცხოვრების განმავლობაში ერთიანდება მათში, ან გამოეყოფა.
ხშირ შემთხვევაში, ეგრეგორში გაერთიანება გაუცნობიერებელ ქმედებას წარმოადგენს, რადგან ადამიანები მხოლოდ მატერიალური სამყაროს აღქმიდან გამომდინარე აზროვნებენ და ვერ აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მათი ცხოვრება გადაჯაჭვულია სულიერთანაც. ანუ, როდესაც ადამიანი ერთვება გარკვეული ჯგუფურ საქმიანობაში, ის ავტომატურად ხდება იმ ჯგუფის ეგრეგორთან მიერთებული.
ის, თუ როგორ ხდება ეგრეგორებიდან გამოსვლა, ესეც არაერთგვაროვანი საკითხია, რადგანაც ისინი განსხვავდებიან თავიანთი სიძლიერითა და ნიშან-თვისებით.
იმ ეგრეგორებისგან, რომლებთანაც ადამიანი მიერთებულია დაბადებიდან ან გარკვეული რიტუალით, თავის დაღწევა გაცილებით რთულია და ადამიანს დიდი ძალისხმევის და ნების გამოვლენა ჭირდება, ისევე როგორც გაცნობიერების, ვიდრე იმ ეგრეგორებისგან, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ.
მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეგრეგორი არ ეწევა ადამიანის მანიპულირებას, თვითონ მექანიზმი ისეა მოწყობილი, რომ თუ რაიმე ეგრეგორული სისტემა იერარქიულ წყობაზეა აგებული, ის ეხმარება ამ პირამიდის სათავეში მყოფებს ზეგავლენა იქონიონ დაბალ საფეხურზე მდგომებზე. ამ იერარქიული ზეგავლენის ყველაზე კარგი მაგალითებია რელიგიური და სოციალური ეგრეგორები.
ფაქტიურად, ეგრეგორული სისტემით ადამიანის მართვა და მანიპულირება გაცილებით ადვილია, რადგანაც ეს ყველაფერი ხდება არაფიზიკურ სივრცეში, სადაც ადამიანი გაცილებით მეტადა არის დაუცველი, ღია და ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რადგანაც როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ჩართულია მხოლოდ მატერიალურ სამყაროში. უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ ეგრეგორი არის ადამიანის ფსიქო-ემოციური ენერგიის ბანკი, რომელიც თავისი კანონებით მოქმედებს.
ზოგადად, ეგრეგორში ყოფნა არაფერ საზიანოს არ წარმოადგენს იმ შემთვევაში, თუ ადამიანი ამას აცნობიერებს და არაცნობიერი ზეგავლენა არ ხდება მასზე და ასევე თუ შეუძლია სურვილისამებრ ეგრეგორიდან გამოსვლა. ისევ და ისევ, ეს არის მექანიზმი, ოღონდ არამატერიალურ სივრცეში და შესაბამისად კანონებიც სხვანაირად მოქმედებს ვიდრე მატერიალურში, ამიტომაც ადამიანს ასეთ მექანიზმებთან სრულყოფილი თანაქმედებისთვის სრული გაცნობიერება და თავის Yთავზე მაქსიმალური კონტროლი ესაჭიროება. სხვა შემთხვევაში, ანუ ისე როგორც დღესაა, ეს ფაქტორები მხოლოდ იერარქიული წყობის ხასიათს და ადამიანებით მანიპულირების სახეს იძენს.
თავის მხრივ, ეგრეგორიც ეხმარება ადამიანს. ენერგიის ის მასა, რომელიც გროვდება მასში, გაიცემა ადამიანზე გარკვეულ ვითარებაში, საჭიროებისამებრ. მაგრამ აქაც, როგორც სხვა ყველაფერთან მიმართებაში, ადამიანი უნდა აცნობიერებდეს ამ ურთიერთკავშირს, რომ საჭიროების დროს შეძლოს ეგრეგორთან კავშირის გაწყვეტა და არ გახდეს მასზე დამოკიდებული და შესაბამისად მართვადი.

ლაშა თოფურია
დეკემბერი 2013

გაუზიარე ეს სტატია მეგობრებს

Facebook
Telegram
WhatsApp
Pinterest

ასევე გირჩევთ